• 24 სექტემბერი

ქეთი ტატიშვილი- ბაქსვუდელი კეთილი ჯადოქარი

თქვენ შეგიძლიათ მჟავე კიტრების მანათობელ გირლიანდებად გადაქცევა, ელექტრობის გამტარი ცომის მოზელა ან ქაღალდის ჭიქაში წყლის ადუღება? აი, ქეთი მასწავლებელს შეუძლია! ზემოთჩამოთვლილი „საოცრებები“ მცირე ჩამონათვალია იმ ექსპერიმენტების სიიდან, რომელსაც ჩვენი ფიზიკოსი „ჯადოქარი“ მოსწავლეებისათვის გაკვეთილებზე ატარებს. ბავშვებისთვის ფიზიკის შეყვარებას მათთვის საინტერესო გზით ამჯობინებს - ცდილობს, თეორიული სწავლების გარდა, ექსპერიმენტული გზით მოხიბლოს ისინი აღნიშნული საგნით და შესაბამისად, ყოველთვის მზადაა ახალი გამოწვევებისათვის. ბაქსვუდში უკვე მეხუთე წელია მოღვაწეობს. ჩვენთან ყველაზე მეტად მიდგომები და მოსწავლეების პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა მოსწონს. „საოცარია, როცა ხედავ, მცირე დროის მონაკვეთში როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი, გარდაიქმნას მოსწავლე ჩამოყალიბებულ, სრულფასოვან პიროვნებად სწორი მიდგომებისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით. ბაქსვუდისთვის თითოეული მოსწავლე განსაკუთრებულია, მათი ინდივიდუალურობა სკოლისათვის ძალზედ მნიშნელოვანია და სწორედ ამ ინდივიდუალიზმის შენარჩუნებითა და მათთან მუდმივი მუშაობით ხდება ის, რომ საბოლოოდ ბაქსვუდს კურსდამთავრებულებად უამრავი წარმატებული და შემდგარი მოქალაქე ჰყავს, რომლებიც მჯერა, მომავალში ბევრ საინტერესო საქმეს მოჰკიდებენ ხელს და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას “ ამბობს ქეთი მასწი. წიგნების წერა 2005 წელს დაიწყო. მისი მთავარი მოტივატორი უმცროსი ქალიშვილი - ნინუცა გახლდათ, რომელსაც მიუძღვნა პირველი წიგნი, იმ იმედით, რომ მოახერხებდა მის დაინტერესებას ფიზიკით. ნინუცამ დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ფიზიკისადმი დიდი ინტერესი მაინც არ გამოუჩენია, თუმცა ქეთი მასწავლებლის ანგარიშზე ამისდა მიუხედავად, უკვე საკმაოდ ბევრი წარმატებული ნაშრომი და გრიფირებული სახელმძღვანელოა. არის უამრავი მიღწევისა და ჯილდოს მფლობელი. 2014 წელს ევროკავშირის მე–7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში: - „ჯაჭვური რეაქცია“ („Chain Reaction“), ამავე პროექტის ეგიდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ეროვნული კონფერენციაზე გაიმარჯვა ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, რომელსაც ქეთი მასწი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამ გუნდმა ამავე პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე დიდ ბრიტანეთში, შეფილდის უნივერსიტეტში I საპრიზო ადგილი მოიპოვა. 2015 წელს ახალგაზრდა შემოქმედთა სამეცნიერო ცენტრი `პროგრესი~-ს მიერ ჩატარებული მოსწავლეთა მე-2 გუნდურ კონკურსში ფიზიკაში II საპრიზო ადგილი დაიკავეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში საგზურითაც დაჯილდოვდნენ. მისი უკანასკნელი წარმატება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით გამართულ ფესტივალს „science on stage“ -ს უკავშირდება, სადაც საუკეთესო 4 მასწავლებელში მოხვდა ჩვენს კიდევ ერთ მასწავლებელ - ნინო აბესაძესთან ერთად, რომელიც ასევეა აღნიშნული პროექტის გამარჯვებული. ისინი 2019 წელს პორტუგალიაში მიემგზავრებიან საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალზე სამშობლოს წარსადგენად. ქეთი მასწი მასწავლებელთა მასწავლებელიცაა. ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერია. ქეთი მასწი მიიჩნევს, რომ მისთვის ტრენერის საქმიანობა საინტერესო გამოცდილებაა და ამასთან, ძალზე საპასუხისმგებლო. სხვას რომ ასწავლო, ჯერ თავად უნდა ისწავლოო, ამბობს და თვლის რომ ტრენერობამ და კოლეგებთან ურთიერთობამ პირველ რიგში მის პროფესიულ განვითარებას შეუწყო ხელი. გვსურს, კიდევ უამრავი წარმატება ვუსურვოთ ჭეშმარიტ და ყველასათვის საყვარელ ბაქსვუდელ მასწავლებელს და ვიმედოვნოთ, რომ მისი სურვილი - დაეთმოს ფიზიკის საგანს საგაკვეთილო პროცესში უფრო მეტი დრო, ასრულდება, რადგან მისთვისაც და ჩვენთვისაც ყველაზე მეტად სასიამოვნო მოსწავლეების თვალებში ანთებული „ფეიერვერკებია“, რომლების დანთებასაც ქეთი მასწავლებელი მისი განსხვავებული ექსპერიმენტების საშუალებით ყოველთვის ახერხებს.