შესავალი და ზოგადი დებულებები

წინამდებარე კონსტიტუცია წარმოადგენს ბაქსვუდის სკოლის მთავარ მარეგულირებელ დოკუმენტს, რომლის თითოეული ნორმის შესრულება მისი ყველა წევრის - მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლისა და სკოლის ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობაა. წევრთა ოთხივე ეს კატეგორია ადასტურებს ბაქსვუდის საზოგადოების წევრობას და გამოხატავს მზაობას ამ კონსტიტუციის პრინციპების დაცვისათვის.

* აღნიშნული დოკუმენტი გახლავთ ბაქსვუდის სკოლის კონსტიტუციის სრულად მოქმედი ვებ-ვერსია მოსწავლეების, მშობლებისა და საიტის სტუმრებისათვის.

სკოლის ოფიციალური წესდება ყველა შემავალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნაწილით, ხელმისაწვდომია სკოლის ადმინისტრაციაში.


თავი I: ზოგადი დებულებები

მუხლი 1: ზოგადი ცნობები

1.1 კერძო სამართლის იურიდიული პირის, შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი“-ის (შემდგომში „ბაქსვუდის სკოლა“) შინაგანაწესი (შემდგომში „ბაქსვუდის კონსტიტუცია“) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

1.2 ბაქსვუდის სკოლის ოფიციალური სახელწოდებაა "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა -თბილისი", შემოკლებული სახელწოდება - "ბაქსვუდის სკოლა". ბაქსვუდის სკოლის იურიდიული მისამართია: თბილისი, დოლიძის ქუჩა 2, საფ. კოდი 0171; სკოლის ფაქტიური მისამართია: თბილისი, დაბა წყნეთი, რუსთაველის ქუჩა N52, საფ. კოდი 0181;

1.3 ბაქსვუდის სკოლა წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, კომერციულ საგანმანათლებლო დაწესებულებას;

1.4 ბაქსვუდის სკოლა წარმოადგენს ბაქსვუდის ბრიტანული სკოლის ოფიციალურ, სრულუფლებიან პარტნიორს და უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, იმოქმედოს ბრიტანული სკოლის პრინციპების შესაბამისად, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 2: სკოლის მისია

2.1 ჩვენ გვწამს, რომ თითოეული ბავშვი უნიკალური ნიჭის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ბაქსვუდის სკოლის უმთავრესი მისიაა ამ ნიჭის აღმოჩენა და შესაბამისი გარემოს შექმნა მისი მაქსიმალური რეალიზებისათვის. სკოლა მოწოდებულია, განათლების ქართული და ბრიტანული ტრადიციების უნიკალური შერწყმის გზით, აღზარდოს მომავალი თაობები თანამედროვე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მისცეს მათ საფუძვლიანი საბაზო ცოდნა სხვადასხვა დარგში და განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები წარმატებული სტუდენტობისა და პროფესიული კარიერისათვის.

მუხლი 3: აკადემიური საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მარეგულირებელი დოკუმენტები

3.1 ბაქსვუდის სკოლის აკადემიური ცხოვრება უმთავრესად ეფუძნება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონს, ეროვნულ სასწავლო გეგმას (№36/ნ 2011 წლის 11 მარტი, ქ. თბილისი) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განკარგულებებს;

3.2 ბაქსვუდის სკოლაში აკადმიური პროცესი ორგანიზებულია წინამდებარე კონსტიტუციის, ყოველწლიური სასკოლო სასწავლო გეგმისა და დირექციის განკარგულებებით;

3.3 ბაქსვუდის სკოლა, თავისი სამართლებრივი სტატუსისა და რესურსებიდან გამომდინარე, იტოვებს უფლებას სასკოლო ცხოვრების ცალკეული მიმართულებები წარმართოს ეროვნული სასწავლო გეგმისაგან ან სხვა სახელმწიფო რეგულაციისაგან განსხვავებული სქემით. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებული სქემა ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოფიციალური წერილით დაუდასტურებს თანხმობას/მისცემს ნებართვას სკოლას მსგავსი გადაწყვეტილების/საქმიანობის დაშვების შესახებ.

მუხლი 4: სასკოლო ცხოვრების ზოგადი პრინციპები

4.1 ბაქსვუდის სასკოლო ცხოვრება, უმეტესწილად, ეფუძნება ტრადიციული ბრიტანული სკოლის მოდელს, რაც გულისხმობს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურების (მე-11 კლასის ჩათვლით) მოწყობას ჰაუსების სისტემის მიხედვით;

4.2 ჰაუსების სისტემა წარმოადგენს ტრადიციული სადამრიგებლო ინსტიტუტის ალტერნატიულ მოდელს, რის გამოც ბაქსვუდის სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე კლასებს დამრიგებლები არ ჰყავთ. დაწყებით საფეხურზე სადამრიგებლო სისტემა ფუნქციონირებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით;

4.3 ჰაუსების სისტემის მთავარ პირნციპს წარმოადგენს მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილების მიცემა, რის გამოც სკოლის დირექცია მუდმივად ზრუნავს სასკოლო ცხოვრებაში მრავალფეროვანი ინიციატივების დანერგვასა და განხორციელებაზე.