მშობლის კოდექსი

მშობელთა ჩართულობა ბაქსვუდელთა სასკოლო ცხოვრებაში ხშირ შემთხვევაში განმსაზღვრელ როლს თამაშობს, ამიტომაც კონსტიტუციის შემდეგი თავი სწორედ მშობელთა კოდექსს შეეხება.

მუხლი 31: ბაქსვუდელი მშობლის მისია

31.1 ბაქსვუდელი მშობელი გამოირჩევა თავისი ერთგულებით და თანამედროვე მიდგომებით აღმზრდელობითი პროცესის მიმართ. მას ესმის, რომ შვილი (შვილები) ანდო სკოლას, რომლსაც აქვს საკუთარი, უნიკალური პრინციპები და მეთოდოლოგია. ის მოიაზრებს საკუთარ თავს აღმზრდელი გუნდის წევრად, იზიარებს სკოლის სტრატეგიას, აკადემიურ თუ არააკადემიურ პოლიტიკას, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და თანამიმდევრულად მიჰყვება ბაქსვუდის პროგრამას, რომელიც მის შვილს აქცევს თანამედროვე საზოგადოების წარმატებულ მოქალაქედ;

მუხლი 32: სკოლასა და მშობელს შორის ურთიერთობის პრინციპები და პასუხისმგებლობები

32.1 ბაქსვუდის სკოლის და მშობლის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ძალისხმევას ბავშვის საკეთილდღეოდ. შესაბამისად, სკოლა იღებს ვალდებულებას, რომ თავისი მოსწავლის აკადემიური თუ პიროვნული განვითარების შესახებ სრულად ჰყავდეს ინფორმირებული მშობელი. მეორე მხრივ, მშობელი პასუხისმგებელია, მუდმივად იყოს კომუნიკაციაში სკოლასთან და მისი მხრიდან ბავშვთან დაკავშირებული რაიმე პრობლემის/წარუმატებლობის შესახებ პირველივე მითითების შემთხვევაში, მოახდინოს დაუყოვნებლივი რეაგირება და დაუკავშირდეს სკოლის შესაბამის წარმომადგენელს (მასწავლებელს, დირექტორს, ჰაუსმასტერს ან ადმინისტრაციის წევრს);

32.2 მშობლებთან კომუნიკაციის ძირითადი წარმმართველია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი გენერალურ დირექტორთან, სკოლის აკადემიურ დირექტორთან, დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. გადასახადთან და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, მშობლებთან კომუნიკაციას ახდენს ლოჯისტიკისა და გადასახადების მენეჯერი. შესაბამისად, მშობელი სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, პირველ რიგში, უკავშირდება ხსენებულ თანამშრომლებს, რომლებიც საჭიროებისამებრ ახდენენ გადამისამართებას;

32.3 ბაქსვუდის სკოლის ელექტრონული დღიური მშობლებთან კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა. მშობელი მოვალეა რეგულარულად ამოწმოს საკუთარი შვილის ელექტრონული გვერდი და რეაგირება მოახდინოს შესაბამის კომენტარებზე, შეფასებებსა და რეკომენდაციებზე. ელექტორონულ დღიურში მოსწავლის შესახებ გაკეთებული ჩანაწერების შეუმოწმებლობა მშობლის მხრიდან, შესაძლოა, აკადემიური წლის ან სემესტრის ბოლოს მოულოდნელი არასახარბიელო შედეგის წინაპირობა გახდეს;

32.4 მშობლებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა ღია კარის დღე, რომელიც ბაქსვუდში მშობელთა კრების ალტერნატიულ მოდელს წარმოადგენს. ყველა მშობელი ვალდებულია სემესტრში, მინიმუმ ერთხელ მაინც გამოცხადდეს ღია კარის დღეზე და ინდივიდუალურად მიიღოს კომენტარები მასწავლებლებისა თუ დირექტორისაგან საკუთარი შვილის შესახებ;

32.5 მშობელს შეუძლია ისარგებლოს სკოლის ცხელი ხაზით, რომელიც სკოლიდან ინფორმაციის ოპერატიულად მიღების მთავარი საშუალებაა. მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არასამუშაო დღეებში და საათებში ცხელი ხაზის გამოყენება მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებშია დასაშვები;

32.6 მშობელი ვალდებულია, წინასწარ საქმის კურსში ჩააყენოს სკოლის ადმინისტრაცია სკოლის ნებისმიერ თანამშომელთან სასურველი შეხვედრის ან ნებისმიერი სხვა მიზნით ვიზიტის შესახებ. ასევე ვალდებულია დაიცვას სკოლის შინაგანაწესი, დაემორჩილოს სკოლის თანამშრომელთა მითითებებს და მოექცეს მათ პატივისცემით;

32.7 ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში, მშობელი ვალდებულია პირადად ჩააყენოს საქმის კურსში სკოლის სამდივნოს რომელიმე თანამშრომელი;

32.8 სკოლის ინიციატივით დაბარების შემთხვევაში, მშობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შეხვედრაზე შესაბამის თანამშრომელთან;

32.9 მშობელი ვალდებულია რეგულარულად ამოწმოს საკუთარი შვილის წარმატების პასპორტი, რაც საშუალებას აძლევს იყოს ინფორმირებული მისი ყოველდღიური ყოფაქცევის შესახებ;

32.10 მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბაქსვუდის სასწავლო გარემო იძლევა ყველანაირ საშუალებას მოსწავლის კარგი პიროვნული და აკადემიური განვითარებისათვის. სკოლა იღებს პასუხისმგებლობას ბავშვის წარმატებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეც და მშობელიც გულმოდგინედ და ზედმიწევნით მიჰყვება სკოლის პრინციპებსა და მითითებებს. მშობლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოსწავლეს დააწყებინოს პარალელური სწავლების რეჟიმი (მაგალითად: კერძო მასწავლებელთან მომზადება) აიძულებს პირველ რიგში, ბავშვს, მოაკლოს მონდომება სასკოლო პროცესს. ასევე, ხდება იძულებული სკოლა, მინიმუმ ნაწილობრივ მოიხსნას პასუხისმგებლობა მოსწავლის განვითარების იმ მიმართულებაზე/დისციპლინაზე, რომელშიც მიმდინარეობს პარალელური სწავლების რეჟიმი. შესაბამისად, ბაქსვუდის სკოლის ყველა მშობელი ვალდებულია, წინასწარ ჩააყენოს საქმის კურსში შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელი ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლა იტოვებს უფლებას ცალმხრივად გააუქმოს მშობელთან გაფორმებული ხელშეკრულება.