სასკოლო ცხოვრება

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის კონსტიტუციის მომდევნო მუხლს წარმოადგენს ბაქსვუდელთა სასკოლო ცხოვრება

მუხლი 5: ჰაუსები

5.1 ჰაუსი წარმოადგენს ერთგვარ გუნდს, რომელიც აერთიანებს მოსწავლეებს მე-7 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით;

5.2 სკოლაში ფუნქციონირებს 4 ჰაუსი: კიპლინგი (KIPLING), მილნი (MILNE), სქულ ჰაუსი (SCHOOL HOUSE) და უელსი (WELLS);

5.3 ჰაუსებში მოსწავლეები გადანაწილებული არიან თანაბარი რაოდენობით ისე, რომ ყველა ჰაუსში ხვდება ყველა კლასის 1 წარმომადგენელი მაინც;

5.4 ჰაუსები წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან ქულების დაგროვებაში, რაც შესაძლებელია ორი გზით: წევრთა ინდივიდუალური ქულებით (წარმატების პასპორტის მიხედვით) ან/და გუნდური ქულებით სხვადასხვა სპორტულ და ინტელექტუალურ ტურნირში გამარჯვებისათვის;

5.5 საუკეთესო ჰაუსის გამოვლენა და დაჯილდოება ხდება ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სპორტისა და დაჯილდოების დღეზე;

5.6 ჰაუსში ახალი წევრების მიღება ხდება შემდეგი პრინციპით: გასული წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი შედეგის მქონე ჰაუსი პირველი ირჩევს სკოლის აკადემიური დირექტორის მიერ განსაზღვრულ რაოდენობას მე-6 კლასიდან, საუკეთესო შედეგის მქონე კი - ბოლო;

5.7 სკოლაში ახლად მიღებული მოსწავლისათვის ჰაუსს განსაზღვრავს სკოლის აკადემიური დირექტორი.

მუხლი 6: პრეფექტები

6.1 თითოეულ ჰაუსს ჰყავს ორგანიზატორები/დაწინაურებული მოსწავლეები, რომელთაც ეწოდება პრეფექტები;

6.2 ჰაუსს უნდა ჰყავდეს ორი უმცროსი და ერთი უფროსი პრეფექტი;

6.3 უფროს პრეფექტს ნიშნავს სკოლის აკადემიური დირექტორი მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კონსულტაციების საფუძველზე, ხოლო უმცროს პრეფექტებს - უფროს პრეფექტებთან კონსულტაციის საფუძველზე;

6.4 უფროსი პრეფექტი ინიშნება ერთი სასწავლო წლის ვადით და მისი უფლებამოსილება ძალაშია პირველი სასწავლო დღიდან სპორტისა და დაჯილდოების დღის ჩათვლით.

6.5 უმცროსი პრეფექტი, დირექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაინიშნოს ერთი სასწავლო წლის ან ერთი სემესტრის ვადით. პირველი სემესტრის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება გრძელდება პირველი სასწავლო დღიდან მეორე სემესტრის დაწყებამდე, მეორე სემესტრის შემთხვევაში კი - პირველი სასწავლო დღიდან სპორტისა და დაჯილდოების დღის ჩათვლით;

6.6 უფროს პრეფექტად მოსწავლე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთხელ, ხოლო უმცროს პრეფექტად - ორჯერ;

6.7 უფროსი პრეფექტის უმთავრესი მოვალეობებია:

6.7.1 სკოლის ადმინისტრაციისა და დირექციის დახმარება ჰაუსის ორგანიზებასა და მოწესრიგებაში;

6.7.2 სკოლის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა როგორც სკოლის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

6.7.3 მოსწავლეთა ინტერესების დაცვა და მათი შეხედულების გაზიარება დირექციისა და სასკოლო საზოგადოებისათვის;

6.7.4 მოსწავლეთა შორის სამართლიანობისა და ურთიერთპატივისცემის უზრუნველყოფა;

6.7.5 მოსწავლეთა ქცევებზე დაკვირვება და ნებისმიერ დარღვევაზე ან გამორჩეულად კარგ საქციელზე სკოლის აკადემიური დირექტორის ინფორმირება;

6.7.6 სხვა პრეფექტებსა და სკოლის მთავარ მოსწავლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება/შენარჩუნება და მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გუნდური პასუხისმგებლობის პრინციპის შენარჩუნება;

6.7.7 ჰაუსის ერთიანობის, მაღალი მოტივაციის, კეთილგანწყობისა და აქტიურობის უზრუნველყოფა;

6.7.8 ჰაუსის წევრებისათვის სანიმუშო ქცევისა და გადაწყვეტილებების მაგალითის მიცემა.

6.8 უმცროსი პრეფექტის მოვალეობები მოიცავს უფროსი პრეფექტების დახმარებას ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში;

6.9 პრეფექტი თავისი მოღვაწეობით უნდა წარმოადგენდეს მისაბაძ მაგალითს ყველა მოსწავლისათვის;

6.10 უფროსი პრეფექტები სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით:

6.10.1 მუდმივ პირად კომუნიკაციაში არიან დირექციასთან;

6.10.2 სკოლის აკადემიური დირექტორის თანხმობით, აქვთ უფლება სკოლის სახელით წარდგნენ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა თუ შეხვედრებზე;

6.10.3 მონაწილეობას იღებენ სკოლის მთავარი ღონისძიებების დაგეგმვაში;

6.10.4 ესწრებიან სკოლის აკადემიური დირექტორის მიერ წარმართულ დილის საორგანიზაციო შეხვედრებს მასწავლებლებთან;

6.10.5 აქვთ უფლება შეკრიბონ ჰაუსი ან კონკრეტული ჯგუფი ნებისმიერი სასკოლო მიზნით, თუკი ეს არ უშლის ხელს აკადემიურ პროცესს;

6.10.6 გასცემენ საჭირო რეკომენდაციებს უმცროს პრეფექტებზე ან ჰაუსის ნებისმიერ წევრზე;

6.10.7 სარგებლობენ სკოლის მთავარი შემოსასვლელით, ატარებენ განსხვავებულ მანტიას და შეუძლიათ ისარგებლონ სკოლის არასაგაკვეთილო ინვენტარით დირექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში;

6.10.8 სადილობენ სკოლის დირექციის გვერდით.

6.11 უმცროსი პრეფექტები ასევე ატარებენ განსხვავებულ მანტიას, სარგებლობენ მთავარი შემოსასვლელით და გარკვეულ პრივილეგიებს იძენენ უფროსი პრეფექტის ან დირექტორისაგან 6.7 პუნქტის კარგად შესრულების მიზნით.

6.12 უფროსი პრეფექტი მოსწავლე შეიძლება გახდეს მე-10 ან მე-11 კლასიდან;

6.13 უმცროსი პრეფექტი მოსწავლე შეიძლება გახდეს მე-9, მე-10 ან მე-11 კლასიდან

6.14 6.12 და 6.13 პუნქტებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სკოლის აკადემიური დირექტორის გადაწყვეტილებით.

მუხლი 7: უფროსი მოსწავლე (HEAD OF SCHOOL)

7.1 უფროსი მოსწავლის სტატუსი არის ყველაზე საპატიო პრივილეგია, რასაც ბაქსვუდის მოსწავლემ შეიძლება მიაღწიოს;

7.2 უფროსი მოსწავლე ინიშნება სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის აკადემიური დირექტორის მიერ და წარმოადგენს მის მთვარ საყრდენს სასკოლო ცხოვრების წარმართვაში;

7.3 უფროსი მოსწავლის ძირითადი მოვალეობებია:

7.3.1 სკოლის იმიჯზე, პრესტიჟზე და წარმატებაზე ზრუნვა;

7.3.2 სკოლის ტრადიციებისა და წესების დაცვაზე ზრუნვა;

7.3.3 პრეფექტების საქმიანობის კოორდინაცია;

7.3.4 ინტენსიური კომუნიკაცია აკადემიურ დირექტორთან ნებისმიერი პრობლემის შესახებ;

7.3.5 ზრუნვა მოსწავლეთა შორის სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემისა და პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაზე;

7.3.6 სანიმუშო ქცევის მაგალითის მიცემა ბაქსვუდის ყველა მოსწავლისათვის;

7.3.7 მოსწავლეთა ინტერესების დაცვა, გაზიარება და სკოლის ნებისმიერ პირთან კომუნიკაცია საჭიროების მიხედვით;

7.4 უფროსი მოსწავლე სარგებლობს შემდეგი პრივილეგიებით:

7.4.1 სკოლის აკადემიური დირექტორის თანხმობით ესწრება ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას;

7.4.2 რეკომენდაციების გასცემს პრეფექტებსა და ნებისმიერ სხვა მოსწავლეზე ბაქსვუდის მისიისა და პრინციპების უკეთესად მიღწევის მიზნით.

7.4.3 საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია წარდგეს სკოლის სახელით (არა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მესამე პირებთან ურთიერთობაში არამედ სკოლის სახელისა და რეპუტაციის გამოყენების გზით), თუკი ეს ემსახურება სკოლის იმიჯის ამაღლებას ან რაიმე სხვა სარგებლის მოტანას;

7.4.4 შეუძლია წარმატების პასპორტებში აუცილებელი ჩანაწერების გაკეთება;

7.4.5 შეუძლია შეკრიბოს მოსწავლეთა ნებისმიერი ჯგუფი ნებისმიერი სასკოლო მიზნით;

7.4.6 სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რაც აქვთ პრეფექტებს.

7.5 უფროსი მოსწავლე ირჩევა მე-10 ან მე-11 კლასიდან და მისი უფლებამოსილება გრძელდება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (სპორტისა და დაჯილდოების დღის ჩათვლით).

მუხლი 8: ჰაუს-მასტერები

8.1 ჰაუს-მასტერები არიან სკოლის აკადემიური დირექტორის თანაშემწეები ჰაუსების ცხოვრების ეფექტურად წარმართვაში;

8.2 ჰაუს-მასტერების ძირითადი მისიაა უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შორის ჯანსაღი და მეგობრული ატმოსფეროს შექმნა, რომელიც შეუქმნის მათ მოტივაციას ცოდნის მიღებისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებისათვის;

8.3 ჰაუს-მასტერების საქმიანობა ძირითადად მოიცავს შემდეგ საქმიანობას:

8.3.1 ინდივიდუალურ მუშაობას და კომუნიკაციას მოსწავლეებთან;

8.3.2 თითოეული მოსწავლის მონაცემების, ზოგადი მახასიათებლების, ინტერესების, პოტენციალის, პრობლემების, წარმატებების შესწავლას;

8.3.3 წინა პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის პერიოდულ გაზიარებას სკოლის აკადემიურ დირექტორთან;

8.3.4 მოსწავლეებთან დაკავშირებით ნებისმიერ აღმოჩენილ პრობლემაზე მყისიერ და ადეკვატურ რეაგირებას და მათთან დაკავშირებით აკადემიურ დირექტორთან კოორდინაციას;

8.3.5 მხოლოდ აკადემიური დირექტორის შესაბამისი მოთხოვნის ან ნებართვის შემთხვევაში, მოსწავლის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გაზიარებას სკოლის ნებისმიერ თანამშრომელთან ან გარეშე პირთან;

8.3.6 მუდმივ კოორდინაციას კოლეგა “ჰაუსმასტერ(ებ)თან“;

8.3.7 მოსწავლეთა მოტივაციაზე მუშაობას და მათ მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში, დამატებით ღონისძიებებსა თუ არააკადემიურ აქტივობებში;

8.3.8 სკოლის ყოველკვირეული ასამბლეების, საახალწლო წვეულების, სპორტისა და დაჯილდოების დღის, ან სხვა კულტურული ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობას და მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფას;

8.3.9 დამატებით მეცადინეობებში მოსწავლეთა ჩართულობაზე მუშაობასა და მათ მოტივირებას;

8.3.10 პედაგოგების თხოვნის საფუძველზე, მოსწავლის დისციპლინარულ დარღვევაზე რეაგირებას და, საჭიროების შემთხვევაში, აკადემიურ დირექტორთან კომუნიკაციას;

8.3.11 მოსწავლეების მიერ სკოლის შინაგანაწესის დებულებებისა და ღირებულებების დაცვის უზრუნველყოფას და წარმატების პასპორტების მონიტორინგს.

8.4 ჰაუსმასტერების მიღება-დანიშვნის წესი განისაზღვრება ამავე კონსტიტუციის მე-6 თავის მიხედვით (ადმინისტრაციული თანამშრომლის კოდექსი);

მუხლი 9: ბაქსვუდის განვითარების მოსწავლეთა საბჭო

9.1 ბაქსვუდის განვითარების მოსწავლეთა საბჭო სკოლის მოსწავლეთა სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოა, რომლის მიზანია სასკოლო ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და საჭირო რეკომენდაციების მომზადება სკოლის დირექციისათვის;

9.2 საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სკოლის მთავარი მოსწავლე, უფროსი და უმცროსი პრეფექტები და ჰაუსმასტერები;

9.3 საბჭოს თავმჯდომარეა სკოლის მთავარი მოსწავლე, რომელიც მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და დირექციასთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე ადგენს დღის წესრიგს, წარმართავს სხდომას, ახდენს დისკუსიის ფასილიტაციას და ხელმძღვანელობს საბოლოო სარეკომენდაციო რეზოლუციის შედგენას;

9.4 სარეკომენდაციო რეზოლუცია წარმოადგენს საბჭოს სხდომის შედეგს, რომელიც აჯამებს სკოლის დირექციისათვის წარსადგენ რეკომენდაციებს მოსწავლეთა სახელით;

9.5 საბჭოს თავმჯდომარე, მიუხედავად საკუთარი პოზიციისა, პასუხისმგებელია რეზოლუციაში წევრთა ინტერესების მაქსიმალურ გამოხატვაზე;

9.6 რეზოლუციას სკოლის დირექციას წარუდგენენ სკოლის მთავარი მოსწავლე და/ან უფროსი პრეფექტები მას შემდეგ, რაც მას ხელმოწერით ან ზეპირი შეტყობინებით დაადასტურებენ სკოლის ჰაუსმასტერები, იმის გარანტად, რომ რეზოლუცია ნამდვილად გამოხატავს საბჭოს წევრთა და მოსწავლეთა უმრავლესობის ნააზრევს;

9.7 საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ ოთხჯერ. სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე უფროს პრეფექტებთან შეთანხმებით. საბჭოს ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, მოითხოვოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.