მოსწავლის კოდექსი

18.1 დაწყებითი სკოლის პირველ კლასში ან სკოლამდელი აღზრდის ცენტრში მოსწავლის ჩასარიცხად, მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა;
  • ორი ფოტო სურათი 3x4 ზე, CD დისკთან ერთად;
  • მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები.

18.2 ბაქსვუდის სკოლაში მოსწავლეთა გადმოყვანა სხვა სკოლიდან შესაძლებელია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ისე, რომ პროცედურა არ მოვიდეს წინააღმდეგობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებთან.

18.3 ახალი მოსწავლის მიღება ხდება შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელთან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების შემდეგ საფეხურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაენიშნება თუ არა ტესტირება კანდიდატს რომელიმე საგანში/საგნებში. ტესტირების შემთხვევაში, მოსწავლე მიიღება თუ:

18.3.1 ბოლო განვლილი სემესტრისათვის გავლილ საგანთა მინიმუმ 60%-ში, ცოდნის დონე ფასდება დამაკმაყოფილებლად ან უფრო უკეთესად ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მინიმალური ბარიერიდან გამომდინარე -5.0 (ბაქსვუდის სკოლის შეფასების სკალაზე 5 ან უფრო მაღალი ქულით);

18.3.2 არც ერთ საგანში მოსწავლის დონე არ ფასდება 0 ით;

18.4 შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელს უფლება აქვს კონკრეტული კლასისათვის დააწესოს დამატებითი კრიტერიუმები ცალკეული შემთხვევიდან გამომდინარე (მაგალითად, მე-11 კლასში მისაღებად, კანდიდატს მოსთხოვოს გამოსაშვები გამოცდების პირველ ოთხ საგანში განსაკუთრებით მაღალი დონის ცოდნა) ან მშობლისაგან მოითხოვოს დამატებითი რეკომენდაცია (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) ნებისმიერი მესამე პირისაგან, რომელსაც რაიმე სახით მანამდე ჰქონია შეხება კანდიდატთან;

18.5 მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა, ახალი მოსწავლის მიღების უმთავრესი კრიტერიუმია შესაბამისი ინტერესისა და პიროვნული და აკადემიური პოტენციალის გამოვლენა ბაქსვუდში სწავლის გასაგრძელებლად;

18.6 18.3 და 18.4 პუნქტების პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, თუ კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს 18.5 პუნქტს, სკოლის აკადემიურ დირექტორს აქვს გამონაკლისის დაშვების უფლება გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ხელშეკრულება (დანართი 4) გააფორმოს გამოსაცდელი ვადით, რომლის განმავლობაშიც, მოსწავლემ უნდა შეძლოს სკოლაში მისაღები კრიტერიუმების სრულად დაკმაყოფილება;

18.7 მოსწავლის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხდება ადმინისტრაციის მიერ მშობელთან ხელშეკრულების გაფორმება;

18.8 ხელშეკრულება მოსწავლესთან ფორმდება სასწავლო საფეხურის ვადის მიხედვით: I-VI (ექვსწლიანი), VII-IX (სამწლიანი) და X-XII (სამწლიანი) კლასებში. თუ მოსწავლის მიღება ხდება რომელიმე საფეხურის შუა პერიოდში, პირველი ხელშეკრულება ფორმდება მიმდინარე საფეხურის ბოლომდე;

მუხლი 19: ბაქსვუდელი მოსწავლის ძირითადი ღირებულებები

19.1 სამართლიანობა: სასკოლო წესებისა და ტრადიციების წინაშე ყველა ბაქსვუდელი თანასწორია. ყველას თანაბრად ეძლევა საკუთარი თავის რეალიზების შანსი. ყველა მოსწავლეზე თანაბრად მოქმედებს ბაქსვუდის შეფასებისა და წახალისების სისტემა. შესაბამისად, დაუშვებელია სამართლიანობის პრინციპის დარღვევა ნებისმიერი მოსწავლის მხრიდან;

19.2 ტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა: ბაქსვუდის ოჯახის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი მრავალფეროვნებაა. მოსწავლეთა მხრიდან სასტიკად დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული ქმედების განხორციელება ან წახალისება ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, რასობრივი, გენდერული, სოციალური, განსხვავებული პირადი აზრის ან რაიმე სხვა ნიშნით;

19.3 დისციპლინირებულობა და ტრადიციების პატივისცემა: ბაქსვუდის მოსწავლეთა წარმატების საფუძველი დისციპლინის სწორი აღქმა და პატივისცემაა. სასკოლო დისციპლინას და ბაქსვუდის ტრადიციებს ყველა მოსწავლე პატივს სცემს და იზიარებს;

19.4 გუნდურობა: ბაქსვუდის სკოლა ერთიანი ოჯახია, რომელიც აფასებს გუნდურობას. ამავე პრინციპს ეყრდნობა ჰაუსების სასკოლო სისტემაც. ბაქსვუდელები პატივს სცემენ ერთმანეთის პოტენციალს, ნიჭსა და ცოდნას, იაზრებენ თანამშრომლობის და გაერთიანებული რესურსების სწორი გადანაწილების მნიშვნელობასა და სიძლიერეს.

19.5 ახალი წევრების თანადგომა: ბაქსვუდის ოჯახს ახალი წევრები ყოველწლიურად ემატებიან. თითოეული მოსწავლე აანალიზებს, რომ ყველა ახალ წევრს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ბაქსვუდში ადაპტაციისათვის. ბაქსვუდელები სიამოვნებით ეხმარებიან მათ და უზიარებენ გამოცდილებას იმ გზის გასაკვალად, რომელიც ერთხელ თავად უკვე გაიარეს.

მუხლი 20: აკადემიური წესები

20.1 საგაკვეთილო პროცესი აკადემიური ცხოვრების საკვანძო ელემენტია. თითოეული მოსწავლე ვალდებულია სრულად იყოს ჩართული სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ თითოეულ გაკვეთილში. მოსწავლე მიჰყვება მასწავლებლის მიერ წინასწარ ან ადგილზე განსაზღვრულ ინსტრუქციებს/საკლასო დავალებებს და მოვალეა ამ დროის განმავლობაში თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ქმედებისაგან, რომელსაც შეუძლია მისი ან/და მისი თანაკლასელების ყურადღების გადატანა რაიმე გარეშე საკითხზე. საკლასო სამუშაოს შესრულების ხარისხი ავტომატურად აისახება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე;

20.2 მოსწავლე ვალდებულია მოამზადოს მასწავლებლის მიერ მიცემული წერითი და ზეპირი საშინაო დავალებები. ამ პირობის შეუსრულებლობა ავტომატურად აისახება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე;

20.3 შემაჯამებელი დავალებები მოსწავლის აკადემიური მოსწრების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ბაქსვუდის სკოლაში მოსწავლეები ასრულებენ შემაჯამებელ დავალებებს ყოველთვიური ტესტირების, სემესტრული და წლიური შემაჯამებელი წერების ფორმით, რომელთა წონაც განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. ცალკეული საგნების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იყოს პროექტის ან პრეზენტაციის ფორმებიც;

20.4 საგნის მასწავლებელს აქვს უფლება, მოსწავლეებს მისცეს დამატებითი კლასგარეშე დავალებები ან ჩართოს ისინი რაიმე პროექტში. მოსწავლეებს წინასწარ ეცნობებათ რამდენად ნებაყოფლობითი ან სავალდებულოა კონკრეტული კლასგარეშე დავალება. მოსწავლე ვალდებულია, მონაწილეობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს მსგავს დავალებას და უზრუნველყოს ყოველდღიური დავალებების მომზადებასთან დამატებითი ინიციატივების თავსებადობა ისე, რომ ეს არ აისახოს უარყოფითად მის აკადემიურ მოსწრებაზე;

20.5 ბაქსვუდის სკოლაში გამოყოფილია საშინაო დავალებების მომზადების დრო, ე.წ. "პრეპი" (Prep Time), დღეში მინიმუმ 1 ან 2 საგაკვეთილო პერიოდი. მოსწავლე ვალდებულია "პრეპის" დრო გამოიყენოს ნაყოფიერად, შესაბამისი ზარის დარეკვისთანავე დაიწყოს მომდევნო დღეების დავალებების შესრულება. "პრეპზე" მეცადინეობა ყველა მოსწავლისათვის სავალდებულოა, თუკი სკოლის აკადემიურ დირექტორს არ აქვს განსხვავებული განკარგულება კონკრეტულ შემთხვევაში. "პრეპზე" გამოვლენილი მონდომება ან დისციპლინარული დარღვევა აისახება მოსწავლის წარმატების პასპორტში. სამშაბათს და ხუთშაბათს,"პრეპის" ვალდებულებები არ მოქმედებს იმ მოსწავლეებზე, რომელთაც აქვთ უფლება, დატოვონ სკოლა ე.წ. 3 საათიანი ტრანსპორტით (ანუ 6 გაკვეთილის დასრულების შემდეგ);

20.6 მასწავლებელი უფლებამოსილია, შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელის მითითებით, ან დამოუკიდებლად, საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს დაუნიშნოს დამატებითი ინდივიდუალური და/ან ჯგუფური მეცადინეობა "პრეპის" პერიოდში. ამ შემთხვევაში, მოსწავლისათვის დაუშვებელია ნებისმიერი სხვა საქმით დაკავება სკოლაში. მოსწავლე, რომელსაც ენიშნება დამატებითი მეცადინეობა, მოვალეა პირნათლად შეასრულოს ყველა დამატებითი დავალება. დამატებით მეცადინეობაზე მოსწავლის შეფასება შესაძლებელია მოხდეს როგორც განმავითარებელი შეფასებით, ისე წარმატების პასპორტში გაკეთებული კომენტარით;

20.7 ბაქსვუდის სკოლაში ტარდება ყოველთვიური, სემესტრული, წლიური შემაჯამებელი წერები და შიდა ექსტერნატის გამოცდები შემდეგი პრინციპებით:

20.7.1 ყოველთვიური შემაჯამებელი წერა ამოწმებს გასული თვის განმავლობაში განვლილი მასალის ცოდნას. მას ორგანიზებას უწევს საგნის მასწავლებელი. შემაჯამებელ დავალებაში მიღებული ქულა შეიტანება ელექტრონულ დღიურსა და საკლასო ჟურნალში შემაჯამებელი დავალებებისათვის გამოყოფილ ცალკე გრაფაში. ყოველთვიური შემაჯამებელი დავალება ტარდება არაცენტრალიზებულად, საგნისათვის ცხრილით განსაზღვრულ რომელიმე გაკვეთილზე. ყოველთვიური შემაჯამებელი დავალების გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლეს აქვს მისი აღდგენის უფლება შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ან სკოლის აკადემიური დირექტორის მიერ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ დროს. აღდგენას ესწრება შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან აკადემიური დირექტორისაგან ამისათვის ავტორიზებული სხვა პირი;

20.7.2 სემესტრული და წლიური შემაჯამებელი დავალებები ტარდება ცენტრალიზებული ფორმით, ერთიან სივრცეში. უმაღლესი სკოლის ყველა მოსწავლე ერთდროულად/ერთ დღეს ასრულებს ტესტირებას კონკრეტულ საგანში. აღნიშნული წერების წინ ყველა მოსწავლეს ეძლევა ე.წ. შემაჯამებელი ტესტირების ბილეთი, რომელზეც მითითებულია თარიღი, დრო და მაგიდის ნომერი, რომლითაც უნდა ისარგებლოს მან წერაზე. ყველა მოსწავლე ვალდებულია გამოცხადდეს ბილეთით მითითებულ დროზე 10 წუთით ადრე, სრული აკადემიური ფორმით, შემაჯამებელი ტესტირების ბილეთითა და მინიმუმ 2 საწერი კალმით. სემესტრული და წლიური შემაჯამებელი წერის ქულები შეიტანება ელექტრონულ დღიურსა და საკლასო ჟურნალში შემაჯამებელი დავალებების ან გამოცდის გრაფაში (სასკოლო სასწავლო გეგმიდან გამომდინარე). სემესტრული და წლიური ტესტირება ტარდება შესაბამისი სემესტრის ბოლო ორი სასწავლო კვირის განმავლობაში;

20.7.3 შიდა ექსტერნატის გამოცდა ვრცელდება მხოლოდ ამავე კონსტიტუციით გათვალისწინებულ იმ შემთხვევებზე, რომლებზეც არ ვრცელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტები. შიდა ექსტერნატის გამოცდის ჩატარების წესი სრულად განისაზღვრება წინა პუნქტით - სემესტრული/წლიური შემაჯამებელი ტესტირების ფორმატის მსგავსად.

20.8
ბაქსვუდის სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა აკადემიური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და მათ მრავალმხრივ, ობიექტურ შეფასებას. დაწყებითი სკოლის შეფასების სისტემა ძირითადად სრულად მიჰყვება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. კერძოდ, I-IV კლასებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. V-XII კლასებში მოქმედი შეფასების სისტემა (იხ. ქვემოთ) კი კონკრეტული კლასისა თუ საფეხურის დაძლევისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულზე უფრო მაღალ ბარიერებს აწესებს მოსწავლეთათვის, რაც მათ მეტ მობილიზებასა და სწავლების მაღალ ხარისხს უწყობს ხელს. თითოეული სასწავლო კომპონენტის შეფასება ხდება 10 ბალიანი სკალით, რომელიც კონვერტირდება შეფასების საერთაშორისო სისტემაზე (A, B, C...).

20.8.1 შეფასების კომპონენტები;

შეფასების ზუსტ ფორმულას განსაზღვრავს წლიური სასკოლო სასწავლო გეგმა. შეფასების კომპონენტებად შესაძლოა გამოყენებულ იქნას: მიმდინარე დავალებების ქულები, შემაჯამებელი დავალებების ქულები, სემესტრული ან წლიური გამოცდების ქულები, და მათი კომბინაციები (მაგალითად, საშუალო არითმეტიკული, პროცენტული განაწილება და ა.შ.). ნებისმიერი განსხვავება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასების სქემებსა და სასკოლო სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულ შეფასების კომპონენტებს შორის შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შეთანხმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

20.8.2 გაცდენა, არადამაკმაყოფილებელი შეფასება და გადაბარება;

ა) თუ მოსწავლეს სემესტრის განმავლობაში გაცდენილი აქვს საგნის საგაკვეთილო საათების 30%-ზე მეტი, ან ყველა ყოველთვიურ ტესტირებაში მიღებული აქვს 6-ზე დაბალი ქულა, მოსწავლის სემესტრული შეფასება ხდება მხოლოდ შიდა ექსტერნატის გამოცდის ფორმით. თუ მოსწავლეს წლის განმავლობაში გაცდენილი აქვს საგნის საგაკვეთილო საათების 30%-ზე მეტი, მისი წლიური შეფასება ხდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის საერთო დადგენილი ფორმით.

ბ) თუ მოსწავლის სემესტრული ან წლიური შეფასება 6–ზე ნაკლებია, მოსწავლე ითვლება საგანში ჩაჭრილად. ამ შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება გადაბარების სემესტრული ან წლიური გამოცდა შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში. ამ შემთხვევაში, მოსწავლის საბოლოო სემესტრული/წლიური შეფასება სრულად განისაზღვრება გადაბარების გამოცდის ქულით.

გ) გადაბარების გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, საშუალო საფეხურის მოსწავლე ავტომატურად ტოვებს სკოლას, ხოლო საბაზო საფეხურის მოსწავლე - წინა კლასს გადის ხელმეორედ. ჩაჭრილი მოსწავლისათვის დამატებითი შანსის მიცემის საკითხს, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სკოლის აკადემიური დირექტორი.

20.8.3 დამატებითი დებულებები;

ა) იმ საგნებში, რომლებიც ისწავლება ერთი სემესტრის მანძილზე, სემესტრის ბოლოს მიღებული ქულა ფიქსირდება, როგორც წლიური ნიშანი;

ბ) იმ საგნებში, რომლებიც ისწავლება ერთი სემესტრის მანძილზე ან კონკრეტულ კლასამდე (მაგ: მეორე უცხოური ენა, სპორტი, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება), მობილობით სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსული მოსწავლეებისათვის ძველ სკოლაში მიღებული ბოლო შემაჯამებელი (სემესტრული ან წლიური) შეფასება ფიქსირდება, როგორც საგნის საბოლოო ნიშანი;

მუხლი 21: არააკადემიური და დისციპლინარული წესები

21.1 ბაქსვუდის ყველა მოსწავლეს ეკრძალება ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ლახავს სხვა მოსწავლის, მასწავლებლის, სკოლის ნებისმიერი თანამშრომლის ან სტუმრის პირვნულ უფლებებსა და თავისუფლებებს, პატივსა და ღირსებას;

21.2 ბაქსვუდის ყველა მოსწავლე განუხრელად სცემს პატივს სკოლის ტრადიციებსა და დამკვიდრებულ ღირებულებებს. დაუშვებელია მსგავს საკითხებზე საჯაროდ აგდებული, დამცინავი ან შეურაცხმყოფელი საუბარი;

21.3 სწავლა უმთავრესი პრიორიტეტია და ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის სასწავლო პროცესს და არაა გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობით, ან არ ემსახურება სკოლის დირექციის მიერ განსაზღვრული რაიმე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას, ექვემდებარება დისციპლინარულ სანქციებს სკოლის დირექციის მხრიდან;

21.4 სკოლის ფორმა ბაქსვუდელი მოსწავლისათვის განუყრელი ატრიბუტია. აკადემიური ფორმა მოიცავს: ბიჭებისათვის - ღია ფერის (უპირატესად თეთრი ფერის) სადა პერანგს, სკოლის ჟილეტს ან პულოვერს, სკოლის პიჯაკს, მუქ ლურჯ ან შავი ფერის შარვალს და მუქი ფერის არასპორტულ ფეხსაცმელს. გოგონებისათვის - ღია ფერის (უპირატესად თეთრი ფერის) სადა პერანგს, სკოლის ჟილეტს ან პულოვერს, სკოლის პიჯაკს, სკოლის ქვედაბოლოს ან, სკოლის აკადემიური დირექტორის ნებართვის შემთხვევაში, შავ შარვალს, და მუქი ფერის არასპორტულ ფეხსაცმელს. სპორტული ფორმა მოიცავს ორივე სქესის მოსწავლეებისათვის: სკოლის შორტსა და მაისურს, სკოლის გრძელ სპორტულ შარვალს და თბილ მოსაცმელს, საწვიმრის სრულ კომპლექტს და სპორტულ ფეხსაცმელს. ბაქსვუდის სკოლის მოსწავლე სრული ფორმის გარეშე სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვება. მოსწავლე ასევე ვალდებულია სკოლის ფორმით გამოცხადდეს ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ბაქსვუდის ორგანიზებით ან მისი მონაწილეობით ხორციელდება სკოლის გარეთ. მოსწავლე თავადაა პასუხისმგებელი საკუთარი ფორმის მოფრთხილებაზე. დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, მოსწავლე ვალდებულია უმოკლეს დროში შეიძინოს ან განაახლოს ფორმის შესაბამისი ელემენტი.

21.5 ბაქსვუდის თითოეულ მოსწავლეს აქვს წარმატების პასპორტი, რომლის ტარება სავალდებულოა სასწავლო პროცესის ყველა ეტაპზე. პასპორტში კეთდება ჩანაწერები მოსწავლის ქცევის, გამორჩეული მიღწევისა თუ დისციპლინარული დარღვევის შესახებ. ასეთი ჩანაწერების გაკეთების უფლება აქვს სკოლის ნებისმიერ თანამშრომელს და ცალკეულ შემთხვევებში სკოლის მთავარ მოსწავლეს. თითოეული კომენტარის მიხედვით, მოსწავლეებს სკოლის აკადემიური დირექტორი ანიჭებს გარკვეულ ქულებს, რომლებიც ხდება მოსწავლის არააკადემიური რეიტინგის და ჰაუსის რეიტინგის განმსაზღვრელიც. მოსწავლე ვალდებულია მუდამ თან იქონიოს პასპორტი და წარუდგინოს ის სკოლის ნებისმიერ თანამშრომელს პირველივე მოთხოვნისას. ამასთან, ყველა გაკვეთილზე მოსწავლემ პასპორტი უნდა დადოს მერხზე და მოთხოვნისამებრ, გადასცეს მასწავლებელს ნებისმიერ დროს. პასპორტის მოუფრთხილებლობა, დაკარგვა ან/და უდიერი მოპყრობა წარმოადგენს შინაგანაწესის უხეშ დარღვევას;

21.6 მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა წარმოუდგენელია სისტემატური გაცდენების პირობებში. სასკოლო დღის ან ცალკეული გაკვეთილის/სასკოლო ღონისძიების გაცდენა ობიექტური აუცილებლობისა და სკოლის აკადემიური დირექტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია. არასაპატიო გაცდენად ითვლება ყველა ის გაცდენა, რომელთან დაკავშირებითაც მოსწავლის მშობელი ვერ წარმოადგენს გაცდენის ობიექტური მიზეზის მყარ სამართლებრივ დასაბუთებას (მაგ: ცნობას). თუ მოსწავლეს წლის განმავლობაში გაცდენილი აქვს სასკოლო დღეების 40%-ზე მეტი, მოსწავლე ავტომატურად ტოვებს სკოლას. თუ მოსწავლეს სასკოლო დღეების 40%-ზე მეტის გაცდენა უწევს ობიექტური გარემოებების გამო (მაგალითად, დროებით საზღვარგარეთ წასვლა), ამის შესახებ, მშობელმა წინასწარ უნდა შეატყობინოს სკოლას და მიიღოს სკოლის აკადემიური დირექტორის თანხმობა;

21.7 მოსწავლის დღის რეჟიმი განსაზღვრულია წინასწარ დადგენილი სასწავლო განრიგით. მოსწავლე ვალდებულია ყველა გაკვეთილზე და სასკოლო ღონისძიებაზე გამოცხადდეს დროულად და დადგენილი დღის განრიგის შესაბამისად. არასაპატიო მიზეზით გაკვეთილის გაცდენა ითვლება არასაპატიო გაცდენად და ასახვას ჰპოვებს მოსწავლის შეფასებაზე;

21.8 გაკვეთილზე ქცევის წესი მოიცავს შემდეგ ნორმებს:

21.8.1 გაკვეთილზე მოსწავლე უნდა შევიდეს მომზადებული ყველა შესაბამისი ნივთით (კალამი, რვეული, წიგნი და ა.შ.);

21.8.2 გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლე მიჰყვება მასწავლებლის ინსტრუქციებს გაკვეთილის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. დაუშვებელია თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება;

21.8.3 გაკვეთილზე დაუშვებელია მობილური ტელეფონის, აი-პოდის, ან რაიმე ისეთი ნივთის გამოყენება, რომელიც გამოიწვევს მოსწავლეთა ყურადღების გადატანას არასაგაკვეთილო თემაზე;

21.8.4 გაკვეთილზე აკრძალულია მასწავლებლისგან უნებართვოდ ადგილიდან წამოდგომა ან მოძრაობა. სრული გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლე უნდა იჯდეს მერხთან;

21.8.5 გაკვეთილის მიმდინარეობისას დაუშვებელია ადგილიდან წამოყვირება. ნებისმიერი სათქმელი შესაძლოა გაჟღერდეს მხოლოდ ხელის აწევისა და მასწავლებლისაგან მიღებული ნებართვის შემდეგ;

21.8.6 გაკვეთილიდან გამოსვლა დაუშვებელია განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. გაკვეთილიდან გასვლა შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებლის ნებართვით;

21.8.7 გაკვეთილზე უფროსის (დირექტორის, სხვა მასწავლებლის, ადმინისტრაციის თანამშრომლის) შემოსვლისას, მოსწავლე უნდა მიესალმოს მას ფეხზე წამოდგომით.

21.8.8 გაკვეთილის დასრულება ხდება მხოლოდ მასწავლებლის გადაწყვეტილებით. ზარის დარეკვა ავტომატურად არ ნიშნავს გაკვეთილის დასრულებას. მასწავლებელს აქვს უფლება აუცილებლობის შემთხვევაში გააგრძელოს გაკვეთილის შესვენების დრო 2 წუთით (მაგ: საშინაო დავალებების ჩანიშვნის მიზნით);

21.9 მოსწავლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ გაკვეთილებს შორის შესვენება მხოლოდ მათ არ ეკუთვნის. ამ დროს ისვენებენ მასწავლებლებიც. ყველამ პატივი უნდა სცეს მათ ამ უფლებას. შესვენებებზე დაუშვებელია სირბილი, ხმაური, ისეთი ფიზიკური ქმედება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს სხვა. ზარის დარეკვისას მოსწავლე უკვე გამოცხადებული უნდა იყოს იმ საკლასო ოთახთან, რომელშიც აქვს შემდეგი გაკვეთილი.

21.10 ბაქსვუდის თითოეული მოსწავლე სკოლის სახეა არა მარტო მის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სკოლის მიერ ან მონაწილეობით დაგეგმილ ნებისმიერ ღონისძიებაში, ყველა მოსწავლე აუცილებლად ცხადდება სკოლის შესაბამისი ფორმით. თითოეულ მოსწავლეს უნდა ახსოვდეს, რომ ის წარადგენს ბაქსვუდს და კონკრეტულ სიტუაციაში მის ქცევაზეა დამოკიდებული სკოლის იმიჯი;

21.11 სკოლის ტერიტორიაზე დაუშვებელია თვითნებური გადაადგილება საერთო დადგენილი წესის (მაგ. სადილზე ჩასვლა) ან სკოლის ოფიციალური წარმომადგენლის ნებართვის გარეშე;

21.12 ყველა მოსწავლე განსაკუთრებული პატივისცემითა და ზრდილობით უნდა ექცეოდეს უფროსი ასაკის თითოეულ ადამიანს, რომელსაც ხვდება სკოლის ტერიტორიაზე. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მისალმებაში, ფეხზე წამოდგომაში, გზის დათმობაში, ადგილის დათმობაში და მსგავს სხვა ტიპის ზრდილობიან ქცევაში სიტუაციიდან გამომდინარე;

21.13 სკოლის ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი ფეთქებადი, ბასრი, ადვილად აალებადი ან სხვა ისეთი ნივთების შემოტანა/გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას ან სკოლის მატერიალურ საკუთრებას. ასევე, სასტიკად იკრძალება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის, ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების ან სიგარეტის შემოტანა და /ან მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე;

21.14 თითოეული მოსწავლე დიდი სიფრთხილით უნდა ეპყრობოდეს სკოლის მატერიალურ საკუთრებას. დაუშვებელია სკოლის შენობის, ინვენტარის, ტექნიკის, ან სკოლის საკუთრებაში არსებული სხვა მატერიალური ქონების დაზიანება, დანაგვიანება;

21.15 აკადემიური პროცესის მიმდინარეობისას, პირველი გაკვეთილის დაწყებიდან, სასწავლო პროცესის დასრულებამდე (09:40-დან 16:50-მდე) დაუშვებელია მობილური ტელეფონის, აი-პოდის, აი-პედის ან მსგავსი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. მოსწავლე ვალდებულია ყოველ დილით შეინახოს ასეთი ნივთები ჩანთაში ან საკუთარ კარადაში, ე.წ. "ლოკერში". მოსწავლე ასეთ ნივთს უკან იღებს სკოლის დატოვების წინ.

21.16 სკოლის შენობაში, გაკვეთილზეც და არასაგაკვეთილო დროსაც, დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის სასმელის ან საკვების (მათ შორის, მზესუმზირის, "ჩიპსების" და ა.შ.) შემოტანა/მიღება გარდა სასმელი წყლისა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს პლასტმასის ბოთლით. საკვების მიღება დასაშვებია მხოლოდ სკოლის სასადილოში;

21.17 სადილთან დაავშირებით სკოლაში მოქმედებს შემდეგი ნორმები:

21.16.1 სადილზე შესვლის წინ ჰაუსები ეწყობიან წინასწარ განსაზღვრულ ხაზებზე;

21.16.2 მოწყობისას აუცილებელია ჰაუსებმა გაასწორონ ხაზი და დაიცვან სიჩუმე, რაზეც უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჰაუსის პრეფექტებს;

21.16.3 დამამთავრებელი კლასის (მე-12) მოსწავლეები ეწყობიან ცალკე ხაზზე;

21.16.4 ჰაუსის მოწყობაზე დაუშვებელია იმ მოსწავლეთა ხაზში დგომა, რომელთაც არასრულად ან საერთოდ არ აქვთ სკოლის აკადემიური ფორმა;

21.16.5 სადილზე პირველი შედის დამამთავრებელი კლასის რიგი. შემდეგ შედის ის ჰაუსი, რომელიც არის მორიგე მოცემულ კვირაში. დანარჩენი ჰაუსები შედიან მოწესრიგებულობის ხარისხის მიხედვით. ე.წ. თავისუფალი ან "ჰაუსმასტერების" კვირის შემთხვევაში, ჰაუსები შედიან მხოლოდ მოწესრიგებულობის ხარისხის მიხედვით;

21.16.6 სასადილოში ჯუნიორ პრეფექტები და მათი დამხმარეები ("მაგიდის თავი" - Head of Table) ანაწილებენ მაგიდაზე წინასწარ გამოყოფილ საკვებს. ისინი იცავენ სრული თანასწორობის პრინციპს და თანაბრად ანაწილებენ საკვებს;

21.16.7 თითოეული მოსწავლე მიირთმევს მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც პირადად გაუნაწილა მაგიდის თავმა, ჯუნიორ პრეფექტმა ან მზარეულმა;

21.16.8 დაუშვებელია სასადილოში თვითნებური სიარული პრეფექტების ან დირექტორის ნებართვის გარეშე;

21.16.9 მოსწავლეები ვალდებულნი არიან სასადილოში დაიცვან სისუფთავე და წესრიგი.

21.16.10სადილის დასრულებისას, მოსწავლეები აწესრიგებენ საკუთარ მაგიდას ისე, რომ მზარეულებისათვის გაადვილდეს გამოყენებული ჭურჭლისა და ნარჩენი საკვების ალაგება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაგიდის უკლებლივ ყველა წევრი დაასრულებს სადილს, ჯუნიორ პრეფექტი ან მაგიდის თავი ანიშნებს სკოლის აკადემიურ დირექტორს ამის შესახებ ხელის აწევით. მაგიდის ყველა წევრი ერთდროულად ტოვებს სასადილო დარბაზს.

21.18 ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით მოქმედებს შემდეგი წესები:

21.17.1 სკოლის ყველა მოსწავლეს ემსახურება ერთი კონკრეტული სასკოლო ავტობუსი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ან სკოლის აკადემიური დირექტორის თანხმობის გარეშე, დაუშვებელია სხვა ავტობუსით სარგებლობა, რადგან ამ შემთხვევაში, სხვა ავტობუსის მგზავრ მოსწავლეებს და თანამშრომლებს ექმნებათ უხერხულობა;

21.17.2 ყოველ დილით მოსწავლე ვალდებულია გამოცხადდეს შესაბამისი ავტობუსის მძღოლის მიერ დათქმულ ადგილას დროულად, რადგან ყველა მძღოლი გადაადგილდება დროის წინასწარ დადგენილი განრიგით და მას ეკრძალება დაგვიანებული მოსწავლეების ლოდინი, რადგან ამითი ფერხდება საერთო გრაფიკი და ილახება სხვა მოსწავლეთა უფლებები;

21.17.3 ყველა მოსწავლე ვალდებულია მოუფრთხილდეს სკოლის ტრანსპორტს, არ დაანაგვიანოს ან დააზიანოს მისი არც ერთი ელემენტი;

21.17.4 დაუშვებელია ტრანსპორტში ხმაურის გამოწვევა, ხმამაღლა საუბარი, ბილწსიტყვაობა ან მუსიკის მოსმენა ყურსასმენების გარეშე;

21.17.5 ყველა ტრანსპორტში არის ყველა მოსწავლისათვის საკმარისი ადგილების რაოდენობა. ადგილებზე გადანაწილება ხდება მოსწავლეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამ საკითხზე წარმოშობილი დავის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს ტრანსპორტის დირექტორის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელს (Head of Transport) ან მძღოლს;

21.17.6 ადგილების დაკავებისას, საჭიროების შემთხვევაში, ყველა უფროსკლასელი ვალდებულია პირველ რიგში ადგილი დაუთმოს დაწყებითი სკოლის წარმომადგენლებს და უფროსებს (პედაგოგებს და თანამშრომლებს).

21.19 სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს სკოლის დაცვის სამსახური. ყველა მოსწავლე ვალდებულია ითანამშრომლოს დაცვის თითოეულ თანამშრომელთან და ზედმიწევნით შეასრულოს მათი ნებისმიერი მითითება.

მუხლი 22: სადისციპლინო კომიტეტი

22.1 სადისციპლინო კომიტეტი სკოლის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც განიხილავს მოსწავლეთა მიერ ან მათი მონაწილეობით გამოვლენილ დისციპლინარულ დარღვევებს და ადგენს შესაბამის სანქციებს;

22.2 კომიტეტის შემადგენლობას ყოველ სასწავლო წელს განსაზღვრავს სკოლის აკადემიური დირექტორი გენერალური დირექტორის თანხმობით. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან: სკოლის აკადემიური დირექტორი, დაწყებითი სკოლის დირექტორი, სკოლის უფროსი პრეფექტები, სკოლის მთავარი მოსწავლე (HEAD OF SCHOOL), აკადემიური პერსონალიდან სკოლის აკადემიური დირექტორის მიერ შერჩეული 5 მასწავლებელი და ადმინისტრაციის ერთი თანამშრომელი, რომელიც ასევე ითავსებს სხდომის მდივნის ფუნქციას. თითოეული წევრის უფლებამოსილება გრძელდება ერთი კალენდარული წლის განმავლობში (სასწავლო წლის დასაწყისიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე), თუ ის ვადამდე არ შეწყდა რაიმე გარდაუვალი მიზეზით (ხანგრძლივი ავადმყოფობა, სკოლიდან წასვლა, ა.შ.) ან სკოლის აკადემიური დირექტორის გადაწყვეტილებით;

22.3 კომიტეტის სხდომას იწვევს მხოლოდ სკოლის აკადემიური დირექტორი ცალკეული დისციპლინარული შემთხვევიდან/საქმიდან გამომდინარე და თავადვე განსაზღვრავს დღის წესრიგს. ის ასევე უწევს კოორდინაციას სხდომას, წევრებს აცნობს დღის წესრიგს, ფასილიტაციას უწევს დისკუსიას და წარმართავს კენჭისყრის პროცესს;

22.4 კომიტეტი უფლებამოსილია კონკრეტული საქმის განხილვაზე მოიწვიოს ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის კავშირში განსახილველ საკითხთან. სხვა შემთხვევაში, სხდომაზე დასწრების უფლება არაწევრ პირს ეძლევა მხოლოდ სკოლის აკადემიური დირექტორის ნებართვით;

22.5 კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრის გზით. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტმა (7).

22.6 სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის სკოლის აკადემიური დირექტორის თანხმობის შემდეგ, რაც დასტურდება სხდომის ოქმზე მისი მხრიდან ხელის მოწერით. მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის ან ხანგრძლივად დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზიური უფლება აქვს სადისციპლინო კომიტეტს.

მუხლი 23: დისციპლინარული სანქციების ფორმები

23.1 მოსწავლის მხრიდან ამ კონსტიტუციით განსაზღვრული კოდექსის თითოეული პუნქტის დარღვევა იწვევს გარკვეულ სანქციას დირექციის მხრიდან. სანქციების ფორმას და მიზანშეწონილობას განსაზღვრავს სკოლის დირექცია;

23.2 ბაქსვუდში მოქმედი დისციპლინარული სანქციების ფორმებია:

23.2.1 წარმატების პასპორტში ჩანაწერის გაკეთება და მინუს ქულის მინიჭება;

23.2.2 სკოლის სერვისებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა (მაგალითად, ე.წ. 3 საათიანი ტრანსპორტით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა); შენიშვნა: ამავე მუხლით გათვალისწინებული სერვისების შეზღუდვა არ ეხება სკოლის მიერ უზრუნველყოფილ კვების სერვისს.

23.2.3 დამატებითი აკადემიური, არააკადემიური ან სკოლისათვის სასარგებლო სამუშაო (მაგალითად, რიგგარეშე გამოკითხვა/გამოცდა, დამატებითი საგნობრივი დავალება, სკოლის ტერიტორიის ან შენობის კონკრეტული ნაწილის დასუფთავება, თოვლის გაწმენდა, ადმინისტრაციის დახმარება და ა.შ.);

23.2.4 ზარალის ანაზღაურება (მაგალითად, მშობლის მხრიდან მოსწავლის მიერ დაზიანებული ნივთის საფასურის გადახდა);

23.2.5 აკრძალული ნივთების ჩამორთმევა (უბრუნდება აუცილებლად მშობელს პირადად);

23.2.6 წერილობითი საყვედურის გამოცხადება (იგზავნება დირექტორის მიერ მშობლის სახელზე);

23.2.7 მშობლის დაბარება (პირადი გასაუბრება, დეტალური ინფორმირება და გაფრთხილების მიცემა შესაძლო გართულებების შესახებ);

23.2.8 სკოლიდან დროებით დათხოვნა;

23.2.9 სკოლიდან გარიცხვა ან მოსწავლის სტატუსის შეჩერება (ამ პუნქტის ამოქმედება სკოლის დირექციას შეუძლია მას შემდეგ, რაც მოსწავლე არაერთგზის, უხეშად არღვევს ამ კონსტიტუციის/შინაგანაწესის სხვადასხვა მუხლს და ამოწურულია სანქციების ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ფორმა, ან მაშინ, როდესაც მოსწავლის მიერ ჩადენილი დარღვევა არის განსაკუთრებულად უხეში და გათვალისწინებულია ამავე კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი, 13-ე ან/და 14-ე პუნქტებით).