ადმინისტრაციული თანამშრომლის კოდექსი

მუხლი 28: ადმინისტრაციული თანამშრომლის მიღების წესი

28.1 ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში თანამშრომელი მიიღება ღია კონკურსის წესით;

28.2 კონკურსის გამოცხადებამდე, ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სკოლის შიგნით, რადგან სკოლის თანამშრომელი სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით დააფიქსიროს გამოცხადებული ვაკანსიის შევსების სურვილი.

28.3 ვაკანსიით დაინტერესებულმა პირმა სკოლის ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია შესაბამისი ხელმძღვანელის მოთხოვნისამებრ;

28.4 სკოლაში გასაუბრების ორგანიზების უფლება აქვს გენერალურ დირექტორს, სკოლის აკადემიურ დირექტორს, დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელს და გენერალური დირექტორის მოადგილეს. გადაწყვეტილებას თანამშრომლის მიღებასთან დაკავშირებით იღებს: აკადემიური პერსონალის, ჰაუსმასტერების ან აკადემიურ საქმეთა ადმინისტრაციული ასისტენტის შემთხვევაში - სკოლის აკადემიური დირექტორი, დაწყებითი სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში - დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელი, სხვა დანარჩენ შემთხვევაში - გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე;

28.5 სკოლაში ყველა ახალი თანამშრომლის აყვანა ხდება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხოლოდ გამოსაცდელი ვადის წარმატებულად გავლის შემთხვევაში ხდება თანამშრომლის აყვანა შტატში და მასთან ხელშეკრულების გაფორმება (დანართი 4) განსაზღვრული ვადით;

28.6 თანამშრომლისათვის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება მხოლოდ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სკოლის მხრიდან ხელშეკრულების დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს თანამშრომლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების ან/და სკოლის შინაგანაწესის დარღვევა, რაც გამოხატულია შესაბამის წერილობით შენიშვნაში/გაფრთხილებაში, ან ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც გარდაუვალად შეუშლის ხელს თანამშრომელს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში (მაგალითად: მძიმე ავადმყოფობა). სხვა შემთხვევაში, სკოლამ თანამშრომლის ინფორმირება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე უნდა მოახდინოს მინიმუმ 30 დღით ადრე;

28.7 სკოლასა და თანამშრომელს შორის თანამშრომლობის პირობები განისაზღვრება ამავე კონსტიტუციის დებულებებითა და ორმხრივი ხელშეკრულებით;

28.8 თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების პირობების კონფიდენციალურობა. აღნიშნული ინფორმაციის განდობა სხვა თანამშრომლისათვის დაშვებულია მხოლოდ გენერალური დირექტორის ნებართვით.

მუხლი 29: ბაქსვუდის ადმინისტრაციული თანამშრომლის ძირითადი ღირებულებები

29.1 ბაქსვუდის სკოლის ყველა თანამშრომელი მუდმივად ზრუნავს ჰარმონიული სასკოლო ატმოსფეროს შექმნაზე. თითოეული მათგანის საქმიანობა ემსახურება აკადემიური პროცესის გამართულ ფუნქციონირებას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა საქმიანობას კომფორტულ გარემოში;

29.2 თანამშრომლები მოსწავლეებს ექცევიან კეთილგანწყობით, პატივს სცემენ მათ აზრს, პიროვნულ უფლებებსა და თავისუფლებებს;

29.3 თანამშრომლები კეთილგანწყობით ხვდებიან სკოლის ნებისმიერ სტუმარს, არ ტოვებენ უყურადღებოდ და მზად არიან აღმოუჩინონ ნებისმიერი დახმარება შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 30: თანამშრომლის საქმიანობისა და ქცევის წესები

30.1 სკოლის ადმინისტრაციულ თანამშრომლად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც შრომით ურთიერთობაშია ბაქსვუდის სკოლასთან და მისი საქმიანობა არ მოიცავს პედაგოგიურ მუშაობას რომელიმე სასწავლო პროგრამის ფარგლებში (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ წინასაბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის საქმიანობა განსაზღვრულია პროგრამის დებულებით).

30.2 სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე;

30.3 სკოლის ყველა თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს სკოლის ტრადიციასა და ღირებულებებს და თავი შეიკავოს ჩაცმის ისეთი სტილისაგან, რომელიც შეუთავსებელია აკადემიურ პროცესთან (მაგალითად, სპორტული ტანისამოსით სარგებლობა), თუ ეს არაა გამოწვეული მისი სამსახურეობრივი საქმიანობის საჭიროებით;

30.4 თითოეული თანამშრომელი მოვალეა იყოს კოლეგიალური და შეინარჩუნოს კეთილგანწყობა სხვა თანამშრომლების მიმართ, მიუხედავად საკუთარი პირადი აზრისა და დამოკიდებულებისა;

30.5 სკოლის ყველა თანამშრომელი მოვალეა, გაუფრთხილდეს სკოლის მატერიალურ საკუთრებას;

30.6 სკოლის ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს მზრუნველობითი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ყველა მოსწავლესთან;

30.7 ყველა თანამშრომელი აღიარებს, რომ წარმოადგენს სკოლის სახეს და მისი თითოეული ქმედება შესაძლებელია პირდაპირ აისახოს სკოლის იმიჯზე. შესაბამისად, ის მოვალეა ყველა სიტუაციაში სკოლა წარმოაჩინოს დადებითად;

30.8 მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, ყველა თანამშრომელი ერთნაირად სცემს პატივს სკოლის შინაგანაწესის ყველა დებულებას, სასკოლო ცხოვრების წესს, ტრადიციებსა და ღირებულებებს. ამ ჩამოთვლილზე საჯაროდ აგდებული, უდიერი საუბარი სასტიკად დაუშვებელია;

30.9 ყველა თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სასკოლო საქმიანობის განხორციელების დროს ან სკოლის ტერიტორიაზე;

30.10 სკოლის ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი ფეთქებადი, ბასრი, ადვილად აალებადი ან სხვა ისეთი ნივთების შემოტანა/გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას ან სკოლის მატერიალურ საკუთრებას. ასევე, სასტიკად იკრძალება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის, ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების შემოტანა და /ან მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე;

30.11 სკოლის ყველა თანამშრომელი ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის ან საეჭვო ქმედების/საგნის შემჩნევის შემთხვევაში, ვალდებულია, პირველ რიგში, ჩააყენოს საქმის კურსში სკოლის დირექცია;

30.12 სკოლის ყველა ადმინისტრაციული თანამშრომელი სარგებლობს კუთვნილი შვებულებით საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. შვებულებით სარგებლობა დაუშვებელია შემდეგ პერიოდებში: სასწავლო წლის დაწყებამდე 10 დღის განმავლობაში, სასწავლო სემესტრების მიმდინარეობისას, აკადემიური პროცესის, მათ შორის, სასკოლო შემაჯამებელი ტესტირებების და მასთან დაკავშირებული პროცედურების (გასწორება, აპელაცია, აღდგენები, გადაბარება) მიმდინარეობისას. გამონაკლისი დაიშვება უშუალო ხელმძღვანელის და სკოლის გენერალური დირექტორის თანხმობით;

30.13 თანამშრომლის ნორმირებული სამუშაო დღის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: 09:30 სთ-დან 16:45 სთ-მდე. თანამშრომელი უფლებამოსილია სამუშაო დღის განმავლობაში ისარგებლოს ერთ (1) საათიანი შესვენებით. შესაძლებელია შესვენების დროის გამოყენება სამუშაო დღის სხვადასხვა პერიოდში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს თანამშრომლის საქმიანობის სრულფასოვან განხორციელებას;

30.14 ყველა თანამშრომლის საქმიანობის კონკრეტული/დამატებითი პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;