მასწავლებლის კოდექსი

მუხლი 24: მასწავლებლის მიღების წესი

24.1 ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში მასწავლებელი მიიღება ღია კონკურსის წესით;

24.2 კონკურსის გამოცხადებამდე, ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სკოლის შიგნით, რადგან სკოლის მოქმედი მასწავლებელი ან სხვა თანამშრომელი სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით დააფიქსიროს გამოცხადებული ვაკანსიის შევსების სურვილი.

24.3 ვაკანსიით დაინტერესებულმა პირმა სკოლის ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ავტობიოგრაფია (CV/RESUME), სამოტივაციო წერილი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომი, სერთიფიკატი, შრომის წიგნაკი და სხვ.)

24.4 მხოლოდ ზემოთ აღნიშნული საბუთების წარმოდგენის შემდეგ შესაბამისი გამოცდილების მქონე პირი მოწვეული იქნება გასაუბრებაზე.

24.5 სკოლაში მასწავლებლობის კანდიდატთან გასაუბრების ორგანიზებას ახდენს შესაბამისი საფეხურის უშუალო ხელმძღვანელი - სკოლის აკადემიური დირექტორი ან დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელი;

24.6 გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია კანდიდატს დაუნიშნოს პროფესიული ტესტირება და/ან საცდელი გაკვეთილის ჩატარება. ტესტირებისა და საცდელი გაკვეთილის ფორმატს და კრიტერიუმებს სრულად ადგენს სკოლა კონკრეტული საგნიდან/კანდიდატიდან გამომდინარე;

24.7 გადაწყვეტილებას მასწავლებლის მიღებასთან დაკავშირებით იღებს შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელი შესაბამისი საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კონსულტაციით;

24.8 სკოლაში მასწავლებლის აყვანა ხდება გამოსაცდელი ვადით ან საშტატო შრომითი ხელშეკრულებით (დანართი 5), რომლის ხანგრძლივობა და პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით;

24.9 მასწავლებლისათვის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება მხოლოდ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სკოლის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება აქვს მხოლოდ გენერალურ დირექტორს იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელი არღვევს ხელშეკრულების მოთხოვნებს. თანამშრომლის ინფორმირება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (საგანგებო, კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა) ხდება მინიმუმ 60 დღით ადრე.

24.10 სკოლასა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობის პირობები განისაზღვრება ამავე კონსტიტუციის დებულებებითა და ორმხრივი ხელშეკრულებით;

24.11 მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების პირობების კონფიდენციალურობა. აღნიშნული ინფორმაციის განდობა სხვა თანამშრომლისათვის დაშვებულია მხოლოდ გენერალური დირექტორის ნებართვით.

მუხლი 25: ბაქსვუდელი მასწავლებლის ძირითადი ღირებულებები

25.1 ბაქსვუდის სკოლაში მხოლოდ გამორჩეული მასწავლებლები მოღვაწეობენ. ეს არის პროფესიონალ აღმზრდელთა გუნდი, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე აღზრდის ფუნდამენტურ პრინციპებს: სასწავლო პროცესის სამართლიანობას, შეფასების გამჭვირვალობას, პარტნიორული/ლიბერალური სწავლების მეთოდოლოგიას. ბაქსვუდის თითოეული პედაგოგი საკუთარი საგნის/საგნების მცოდნეა. ის კომპლექსურად ემზადება თითოეული გაკვეთილისათვის და მზადაა გაკვეთილის ნებისმიერი ფორმატისათვის, რომელიც მის პროდუქტიულობას გაზრდის. ის მუდმივად სწავლობს თითოეული გაკვეთილიდან, მუშაობს საკუთარ თავზე და ამით წარმოადგენს პროგრესის უმთავრეს მაგალითს თავისი მოსწავლისათვის.

მუხლი 26: აკადემიური და არააკადემიური წესები მასწავლებლისათვის

26.1 სკოლის მასწავლებელი ვალდებულია:

26.1.1 სრულად გაითავისოს და შეიმეცნოს სკოლის ფილოსოფია და მიზნები, რათა მათი გათვალისწინებით შეძლოს სასწავლო პროგრამის სრულყოფილი წარმართვა;

26.1.2 უზრუნველყოს საგნის განსაზღვრული პროგრამით სწავლება ისე, რომ კლასის ყველა მოსწავლე გახდეს საგნის მცოდნე;

26.1.3 იზრუნოს მოსწავლეში პოზიტიური განწყობის შექმნაზე საგნის და სასწავლო პროცესის მიმართ;

26.1.4 გაკვეთილი წარმართოს შეთანხმებული ქრონომეტრაჟის მიხედვით. მოსწავლეში აღძრას ინტერესი მოცემული საგნისადმი და არ დაუშვას მოსწავლის ყურადღების გადატანა სხვა საქმეზე;

26.1.5 პატივს სცემდეს მოსწავლეთა ღირსებას და იცავდეს მათ უფლებებს;

26.1.6 იყოს სამართლიანი და ობიექტური;

26.1.7 ზრუნავდეს დისციპლინის დაცვაზე როგორც საკლასო ოთახში, ისე სკოლის ტერიტორიაზე;

26.1.8 კეთილსინდისიერად ასრულებდეს სკოლის წესებს;

26.1.9 ზრუნავდეს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მუდმივად ეუფლებოდეს და იყენებდეს სწავლების კლასიკურ და თანამედროვე მეთოდებს;

26.1.10 მიიღოს მონაწილეობა საკუთარი პროფესიული პორტფოლიოს/პირადი საქმის (დანართი 6) და ვებ-გვერდის შექმნაში;

26.1.11 ყოველმხრივ ცდილობდეს, თანამედროვე მეთოდიკის და მეთოდოლოგიის ხარჯზე გაუზარდოს მოსწავლეებს ინტერესები სასწავლო პროცესის მიმართ და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კონკრეტული ინტერესების გაღვივების სხვადასხვა დისციპლინაში;

26.1.12 მუშაობის პროცესში ამჟღავნებდეს ისეთ პიროვნულ თვისებებს, როგორიცაა: შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება, აკურატულობა, თანამშრომლობა, პუნქტუალურობა და თავაზიანობა;

26.1.13 იყოს ღირსეული და ზნეობრივი პიროვნება, რათა ასწავლოს არა მხოლოდ სიტყვითა და წიგნით, არამედ საკუთარი ქცევით, საქმიანობითა და ცხოვრების წესით;

26.1.14 კეთილსინდისიერად ასრულებდეს სკოლის დებულებითა და შინაგანაწესით, აგრეთვე მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს;

26.1.15 სრულად გადასცეს მოსწავლეებს სახელმწიფო და სასკოლო პროგრამებით გათვალისწინებული ცოდნის მოცულობა.

26.1.16 სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებული საპრობლემო საკითხების მოგვარება შეუთანხმოს სკოლის დირექციასთან;

26.1.17 დაესწროს სასკოლო კრებებსა და სხვა ერთობლივ ღონისძიებებს;

26.1.18 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ოჯახური პირობებისა თუ სხვა საპატიო მიზეზით გაკვეთილების მოსალოდნელი გაცდენის შემთხვევაში, დროულად (წინა დღით მაინც) შეატყობინოს ამის შესახებ სკოლის დირექციას, რათა გამოინახოს შემცვლელი მასწავლებელი;

26.1.19 აუცილებლობის შემთხვევაში, გაკვეთილებზე შეცვალოს სხვა მასწავლებელი და შეასრულოს ადმინისტრაციის მიერ მიცემული მითითებანი;

26.1.20 დროულად და სრულყოფილად წარმოადგინოს გაკვეთილების ჩატარების გეგმა და თემატური სილაბუსი (დანართი 7), გაწერილი ორივე სემესტრზე;

26.1.21 სრულყოფილად აწარმოოს კლასის ჟურნალი;

26.1.22 ახდენდეს საშინაო დავალებების, ინდივიდუალური კომენტარებისა და შეფასებების შეტანას ელექტრონულ დღიურში და აწარმოოს კონტროლი მასზე;

26.1.23 მოამზადოს სხვადასხვა ტიპის საგამოცდო ტესტები დირექციის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;

26.1.24 უზრუნველყოს საკუთარ საგანში ყოველთვიური შემაჯამებელი ტესტირების და საკლასო გამოკითხვების ორგანიზება სამართლიანობისა და დისციპლინარული წესების ზედმიწევნითი დაცვით;

26.1.25 დროულად გაასწოროს ნამუშევრები და ოპერატიულად მოახდინოს მოსწავლეთა ინფორმირება შედეგებთან დაკავშირებით ელექტრონული დღიურის საშუალებით;

26.1.26 ატარებდეს თემატურ ექსკურსიებს და ამზადებდეს ღია, საპრეზენტაციო გაკვეთილებს;

26.1.27 მაქსიმალურად გამოიყენოს გაკვეთილისთვის გამოყოფილი დრო;

26.1.28 არ იგვიანებდეს გაკვეთილზე და მკაცრად დაიცვას სკოლის რეჟიმი;

26.1.29 გააკონტროლოს წესრიგი და სისუფთავე კლასში – გაკვეთილის დროს და გაკვეთილის შემდეგ;

26.1.30 დროულად (გაკვეთილის დაწყებამდე) მოამზადოს გაკვეთილისათვის სათანადო აღჭურვილობა და თვალსაჩინოება სრულყოფილი გაკვეთილის ჩასატარებლად;

26.1.31 გაკვეთილის დამთავრების მიმანიშნებელი ზარის დარეკვამდე არ შეწყვიტოს გაკვეთილის მსვლელობა და ნაყოფიერად გამოიყენოს მისთვის გამოყოფილი თითოეული წუთი;

26.1.32 უფრთხილდებოდეს სკოლის საკუთრებასა და სასკოლის ინვენტარს და იგივეს ითხოვდეს მოსწავლეებისგან;

26.1.33 შეაფასოს ყოველი თავისი მოსწავლე სკოლაში დადგენილი გამჭვირვალე სისტემის მიხედვით და მოსწავლეებისათვის წლის/სემესტრის დასაწყისში გაცნობილი კრიტერიუმებით;

26.1.34 იყოს კოლეგიალური სხვა მასწავლებლებთან და იყოს ჩართული სკოლის მიმდინარე პროცესში;

26.1.35 დაიცვას სკოლაში დაწესებული ჩაცმის კოდექსი და გამოიყურებოდეს კლასიკურად;

26.1.36 სკოლის ყველა მასწავლებელი სარგებლობს კუთვნილი შვებულებით საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. შვებულებით სარგებლობა დაუშვებელია შემდეგ პერიოდებში: სასწავლო წლის დაწყებამდე 10 დღის განმავლობაში, სასწავლო სემესტრების მიმდინარეობისას, აკადემიური პროცესის, მათ შორის, სასკოლო გამოცდების/შემაჯამებელი ტესტირებების და მასთან დაკავშირებული პროცედურების (გასწორება, აპელაცია, აღდგენები, გადაბარება) მიმდინარეობისას. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ უშუალო ხელმძღანელისა და სკოლის გენერალური დირექტორის თანხმობით;

26.1.37 მასწავლებლის სამუშაო დღის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: 09:30 სთ-დან 16:45 სთ-მდე. მასწავლებელი უფლებამოსილია სამუშაო დღის განმავლობაში ისარგებლოს ერთ (1) საათიანი შესვენებით. მასწავლებელს შეუძლია შესვენების დროის გამოყენება სამუშაო დღის სხვადასხვა პერიოდში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ისე, რომ ამან არავითარი შეფერხება არ გამოიწვიოს აკადემიური პროცესისათვის.

მუხლი 27: კლასის დამრიგებლის დამატებითი პასუხისმგებლობა:

27.1 კლასის დამრიგებელი 23-ე მუხლში მოცემული წესების გარდა, ვალდებულია:

27.1.1 სასწავლო დღის განმავლობაში აკონტროლოს მოსწავლეების ქცევა (გაკვეთილებს შორის დასვენებებზე და სასადილოში);

27.1.2 სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლებთან დაამყაროს მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობა;

27.1.3 შეისწავლოს აღსაზრდელთა ოჯახური პირობები, მოსწავლეთა სასწავლო თუ არასასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემები და დაეხმაროს მოზარდებს მათ მოგვარებაში;

27.1.4 ყოველდღიურად დააფიქსიროს მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრება და გაარკვიოს გაცდენის მიზეზი;

27.1.5 სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად რეაგირება მოახდინოს მოსწავლის გაცდენაზე, მოსწრებასა და ყოფაქცევასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

27.1.6 ყოველი სემესტრის ბოლოს დაწეროს თითოეული მოსწავლის დაწვრილებითი დახასიათება (სუსტი და ძლიერი მხარეები, პროგრესის მაჩვენებლები, პრობლემები ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით და სხვა), რომელიც შეინახება პირად საქმესთან ერთად;

27.1.7 თვალი ადევნოს მოსწავლეთა იერსახესა (სისუფთავე, ჩაცმულობა, კოსმეტიკა და სხვ.) და მეტყველების მოწესრიგებულობას, რათა აღსაზრდელთა გარეგნობა და ქცევა არ ლახავდეს სკოლის ღირსებას;

27.1.8 იზრუნოს კლასში წესრიგისა და დისციპლინის დამყარებაზე;

27.1.9 დაგეგმოს და ჩაატაროს კლასგარეშე აღმზრდელობითი ღონისძიებები (დილა-საღამოები, შეხვედრები, ექსკურსიები, და ა.შ.);

27.1.10 ადმინისტრაციის დახმარებით მუდმივად ეხმიანებოდეს მშობლებს და ეცნობოდეს მათ მოსაზრებებს ბავშვთან, კლასთან და სკოლასთან დაკავშირებით;

27.1.11 დაწყებითი სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მოაწყოს კლასგარეშე ღონისძიებები (ექსკურსია, გამოფენა და სხვ.);

27.1.12 პერიოდულად დაესწროს საგნის მასწავლებელთა გაკვეთილებს და ხელი შეუწყოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობებს;

27.1.13 იზრუნოს საკლასო ჟურნალის წარმოებაზე, მიუთითოს სხვა საგნის მასწავლებლებსაც, დროულად და ობიექტურად შეიტანონ ჩანაწერები ჟურნალში.