შეფასების სისტემა

ბაქსვუდის უმაღლესი სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა აკადემიური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და მათ მრავალმხრივ, ობიექტურ შეფასებას. სკოლაში მოქმედი შეფასების სისტემა კონკრეტული კლასისა თუ საფეხურის დაძლევისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულზე უფრო მაღალ ბარიერებს აწესებს მოსწავლეთათვის, რაც მათ მეტ მობილიზებასა და სწავლების მაღალ ხარისხს უწყობს ხელს. თითოეული სასწავლო კომპონენტის შეფასება ხდება 10 ბალიანი სკალით, რომელიც კონვერტირდება შეფასების საერთაშორისო სისტემაზე (A, B, C...).

გამოცდები და შეფასების კომპონენტები

საგნის წლიური შეფასება შედგება სამი თანაბარმნიშვნელოვანი კომპონენტისაგან:

1. I სემესტრის ქულა;

2. II სემესტრის ქულა;

3. წლიური გამოცდის ქულა.

წლიური შეფასება გამოითვლება აღნიშნული სამი კომპონენტის ჯამის 3–ზე გაყოფით.

I სემესტრის ქულა შედგება სამი თანაბარმნიშვნელოვანი კომპონენტისაგან:

1. ყოველთვიური ტესტირების ქულათა საშუალო არითმეტიკული,

2. მიმდინარე ნიშნების საშუალო არითმეტიკული;

3. სემესტრული გამოცდის ქულა.

I სემესტრის საბოლოო ქულა გამოითვლება აღნიშნული სამი კომპონენტის ჯამის 3–ზე გაყოფით.

II სემესტრის ქულა შედგება ორი კომპონენტისგან:

1. ყოველთვიური ტესტირების ქულათა საშუალო არითმეტიკული;

2. მიმდინარე ნიშნების საშუალო არითმეტიკული;

II სემესტრის საბოლოო ქულა გამოითვლება აღნიშნული ორი კომპონენტის ჯამის 2–ზე გაყოფით.

გაცდენები

თუ მოსწავლეს სემესტრის განმავლობაში გაცდენილი აქვს საგნის საგაკვეთილო საათების 30%-ზე მეტი ან ყველა ყოველთვიურ ტესტირებაში მიღებული აქვს 6-ზე დაბალი ქულა, მოსწავლის სემესტრული შეფასება ხდება მხოლოდ შიდა ექსტერნატის გამოცდის ფორმით;

თუ მოსწავლეს წლის განმავლობაში გაცდენილი აქვს საგნის საგაკვეთილო საათების 30%-ზე მეტი, მისი წლიური შეფასება ხდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ფორმით;

თუ მოსწავლეს წლის განმავლობაში გაცდენილი აქვს სასკოლო დღეების 40%-ზე მეტი, მოსწავლე ავტომატურად ტოვებს სკოლას;

არადამაკმაყოფილებელი შეფასება და გადაბარება

თუ მოსწავლის სემესტრული ან წლიური შეფასება 6–ზე ნაკლებია, მოსწავლე ითვლება საგანში ჩაჭრილად. ამ შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება განმეორებითი სემესტრული ან წლიური გამოცდა შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში. ამ შემთხვევაში, მოსწავლის საბოლოო სემესტრული/წლიური შეფასება სრულად განისაზღვრება განმეორებითი გამოცდის ქულით.

განმეორებით გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, მოსწავლე ტოვებს სკოლას. ჩაჭრილი მოსწავლისათვის დამატებითი შანსის მიცემის საკითხს, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სკოლის აკადემიური დირექტორი.