სქულ ჰაუსის პრეფექტი - ზუკა ეზუგბაია ✔

გიფიქრიათ, თუ რა განაპირობებს ადამიანის წარმატებას?! - ჭკუა, ფინანსური შესაძლებლობები, იღბალი...
სინამდვილეში, წარმატება მოაქვს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენას. წარმატებული ადამიანები თავიანთ თავს მრავლისშემძლე პირად აღიქვამენ და სწორედ ეს აღქმა ეხმარებათ ყველაფრის რეალობად ქცევაში. თუ გჯერათ საკუთარი თავის ე.ი. მიზნის მიღწევამდე ბევრი არ დაგრჩენიათ.

თავდაჯერებულობა არის წარმატების გასაღები, შეგვიძლია პირველი ნაბიჯიც დავარქვათ. თავდაჯერებულ ადამიანს ნახევრად მიღწეული აქვს დასახული მიზნისთვის, ვინაიდან ყველაფერს ადვილად აღიქვამს და მშვიდი და მობილიზებულიც ჩანს თავის საქმეში.

ახლა ბაქსვუდის მოსწავლეები არ ვიქნებოდით, რომ არა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდები, ვისაც სკოლის დაფუძნების იდეა გაუჩნდათ. თავდაჯერების გარეშე სკოლის ხელმძღვანელები ვერ შექმნიდნენ იმ განსაკუთრებულ და განსხვავებულ გარემოს, თითეულ ჩვენგანს ცხოვრებისათვის რომ გვამზადებს.

არსებობს მცირე, მაგრამ შედეგიანი გზა სასურველი მიზნის მისაღწევად: უბრალოდ ჩამოწერეთ ან თქვენს გონებაში მოუყარეთ თავი ყველა პოზიტიურ თვისებას, რომელიც გაგაჩნიათ; სხვების მიერ აღნიშნული თქვენი დადებითი მხარეებიც გაიხსენეთ და დაისახეთ მიზანი, რომელზეც მუშაობის დროს კონცენტრირებულები იქნებით საკუთარ ძლიერ მხარეებზე. ეს გზა დაგეხმარებათ უფრო ადვილად შეხედოთ სირთულეებს და საკუთარ თავის რწმენაც დაგიბრუნდებათ.

გარკვეულ ეტაპზე, ყველას გვიწევს მომავალზე, უფრო კონკრეტულად კი კარიერაზე ფიქრი. ათასი აზრი გვიტრიალებს იმის გადასაწყვეტად, თუ რისი კეთება გვსურს სწავლის შემდეგ. ზოგი აღწევს საწადელს და პოულობს თავისთვის კომფორტულ სფეროს, ზოგი კი მალევე ნებდება. სწორედ პროფესიის არჩევის დროს გვჭირდება ყველაზე მეტად თავდაჯერებულობა. ირწმუნეთ საკუთარი თავის, არ იყოთ მიჯაჭვულები იმ შესაძლებლობებზე, რომელიც თუნდაც გუშინ გქონდათ... ყოველი ახალი დღე და, შესაბამისად, ყოველი სირთულის დაძლევით მიღებული გამოცდილება რაღაც ახალს შეგმატებთ და დაგეხმარებათ საბოლოო მწერვალის დაპყრობაში. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და იფიქრეთ რეალობის ფარგლებში არარეალურად.

"Believe in yourself, and the rest will fall into place. Have faith in your own abilities, work hard, and there is nothing you cannot accomplish." - Brad Henry