About School
Registration
Contact
random image

News

"ჩემი მთავარი გამოწვევაა, თქვენ არ ჩამოგრჩეთ"

24 იანვარი 2022 "ჩემი მთავარი გამოწვევაა, თქვენ არ ჩამოგრჩეთ"

რესპონდენტი - არჩილ სუმბაძე, სკოლის აკადემიური დირექტორი

ჟურნალისტი - ანასტასია კოპალიანი

 - მოგესალმებით, ბატონო არჩილ! პირველ რიგში, უღრმესი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს ახალ წამოწყებაში. გადავალ პირველ შეკითხვაზე:

 როგორც ვიცით, შენდება ბაქსვუდის ახალი ფილიალი, რაც გულისხმობს აქ სწავლის მსურველების მზარდ რაოდენობას. თქვენი, როგორც სკოლის აკადემიური დირექტორის აზრით, რა არის მთავარი საიდუმლო, რომლითაც ბაქსვუდი იზიდავს განათლების მიღების მსურველებს? რა არის ჩვენი წარმატების გასაღები?

 - პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას და ვგულშემატკივრობ თქვენს ინიციატივას. რა თქმა უნდა, სრულ ადმინისტრაციულ მხარდაჭერასაც გპირდებით. ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ჩემთვის პასუხი თან ძალიან მარტივი, თანაც ყველაზე კომპლექსურია. ამ ყველაფრის მიზეზი და საფუძველი ხართ სწორედ თქვენ და ჩვენი პედაგოგები, ყველა ის ადამიანი, ვინც ქმნის ბაქსვუდს. რა თქმა უნდა,გარემო დიდ როლს ასრულებს, ჰაერი ძალიან მნიშვნელოვანია (იცინის), ავტობუსიც ძალიან საყვარელია და ასე შემდეგ, თუმცა ყველაზე მთავარი - ბაქსვუდის ატმოსფერო - არის სწორედ თქვენი და ჩვენი გუნდის : მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, პრეფექტების და, რა თქმა უნდა, მოსწავლეების შექმნილი.

 - ჩემთვის ბაქსვუდის ერთ-ერთი უნიკალურობა მის ჰაუსურ სისტემაშია. როგორ ფიქრობთ, მოსწავლეების რა თვისებების განვითარებას უწყობს ხელს ჰაუსური სისტემა?

 - ძალიან კარგი  და თემატური შეკითხვაა. უმთავრესი ფორმულა, რატომაც ჰაუსები საინტერესო გახდა ქართული ბაქსვუდისთვის, არის ე. წ. ინდივიდუალური და გუნდური ცხოვრების, ასე ვთქვათ, თანაარსებობა. ერთი მხრივ, მე ვარ ინდივიდი პირადი მიღწევებით, პირადი მარცხით, პირადი შეცდომებით, პირადი გამარჯვებით, უამრავი თვისებით, „ახირებით“  და ა.შ. ამასთანავე, ვარ წევრი გუნდისა, რომელზეც ჩემი თითოელი ქმედება ახდენს გავლენას -  ჩვენს შემთხვევაში,მოგეხსენება, ეს ქულებით გამოიხატება. ასევე, ჰაუსური სისტემა მნიშვნელოვანია მოტივაციისა და თანადგომის თვალსაზრისით. მე ძალიან მიხარია, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმ პრეფექტების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ: „ჩვენთვის ღირებულებაა ის გუნდურობა და ურთიერთობა, რომელიც შევიძინეთ“. მთავარი, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს, არის აღმოჩენები, რომლებსაც ბავშვები საკუთარ თავში აკეთებენ. მაგალითად, ტასომ აღმოაჩინა, რომ შეუძლია მე-7 კლასელს მოტივაცია მისცეს. ეს ძალიან მაგარი და მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს მასწავლებელსა და დირექტორსაც ეხება, მაგრამ ისეთი მოტივაციის მიცემას, როგორსაც უფროსკლასელი ან პრეფექტი აძლევს უმცროსკლასელს, დარწმუნებული ვარ, ვერავინ შეძლებს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ჰაუსური ცხოვრების მთავარი მნიშვნელობა სწორედ ეს არის.

- რა არის მთავარი გამოწვევა სკოლის აკადემიური დირექტორისთვის?

 - ასევე ძალიან მიყვარს ხოლმე ეს შეკითხვა. 21-ე საუკუნეში განათლებას დაემართა ერთი საინტერესო ამბავი: თუკი ადრე სკოლას, განათლებას, სისტემას, მასწავლებელს ჰქონდა ცოდნის გადაცემის ფუნქცია, ახლა ეს შეიცვალა და მასწავლებელს გზამკვლევის ფუნქცია უფრო აქვს. რამდენიც არ უნდა მოყვეს მასწავლებელმა, თავისუფლად შეგიძლია დაგუგლო და ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო. აქედან გამომდინარე, მასწავლებელს დაეკისრა მოტივატორის, გეზის მიმცემის როლი. ხოლო პირადად ჩემი მთავარი გამოწვევა არის ის, რაც, მგონია, რომ მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობია - არ ჩამოვრჩეთ ჩვენი ახალგაზრდების განვითარებას. თქვენ არ ჩამოგრჩეთ. სინამდვილეში თქვენ ყოველთვის გვისწრებთ ჩვენ. თქვენ ქმნით გამოწვევებს ჩვენთვის. ვერ დავუშვებთ, ბაქსვუდელ მოსწავლეს ჰყავდეს მენტორი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროცესებზე, იქნება ეს ახალი ტრენდები, ახალი ტექნოლოგიები, თუ სხვა რამ. მაგალითად, მე ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რომელია ყველაზე მარტივი ონლაინ საკომუნიკაციო საშუალება სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს შორის. ადრე ყველაზე ეფექტური იყო „Facebook”-ი, მერე აღმოვაჩინეთ, რომ ყველა გადასულია თურმე “Instagram”-ზე. აქედან გამომდინარე, ინოვაციური თვალსაზრისით, ჩემი მთავარი გამოწვევაა, რომ არ ჩამოგრჩეთ თქვენ.

 - სად ხედავთ ბაქსვუდს 10 წელიწადში?

- ოო, 10 წლის შემდეგ? რთული სათქმელია. მოკლედ, შედარებით შორეულ პერსპექტივაში, ბაქსვუდს ვხედავ ინოვაციური, თანამედროვე მიდგომების ცენტრად სასკოლო განათლების სივრცეში, სადაც რაღაც საინტერესო იქმნება. როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისთვის, ბაქსვუდი იქნება ტრამპლინი ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. ის იქნება სკოლა, რომლისგანაც სხვები სწავლობენ, რომელიც მართლა ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობას.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე ასეთი შეკითხვა გამიჩნდა: როგორც იცით, ბაქსვუდელ მოსწავლეებსა და სტაფის წევრებში განსაკუთრებული პატივისცემითა და პოპულარობით სარგებლობთ, რაც მარტივი არ უნდა იყოს. გვითხარით, როგორ ახერხებთ ამას?

- ძალიან არ მიყვარს საკუთარი თავის ქება, მაგრამ, ჩემი აზრით, მაგ შეკითხვას ძალიან მარტივი პასუხი აქვს. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი საქმე გულწრფელად გავაკეთო იმიტომ, რომ სხვანაირად, უბრალოდ, არ შემიძლია, როგორც კოლეგებთან ურთიერთობაში, ასევე მოსწავლეებთან. მარტივ მაგალითს გეტყვი. თუ, მაგალითად,  მოზარდი აცნობიერებს, ხვდება, რწმუნდება შენი ქმედებებით, სიტყვით ანდა გამოხედვითაც კი, რომ შენ მისი გულშემატკივარი ხარ,  უმკაცრესი გადაწყვეტილებაც კი მისთვის მისაღები ხდება. მაგრამ როცა ხვდება, რომ რაღაც გაუგებარი პრინციპულობის გამო იღებ გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, ვერაფრით დაამყარებ სწორ ურთიერთობას, ვერც მკაცრი გადაწყვეტილება იმოქმედებს და ვერც რბილი. წარმოიდგინეთ, მე რომ ბაქსვუდში მოვედი, მე-12 კლასელებზე სულ ცოტათი უფროსი ვიყავი და, რეალურად, ერთადერთი ალტერნატივა ეს იყო. ცალსახად, გულწრფელობა არის ერთადერთი გამოსავალი.

- თქვენ რომ ჩემსავით მე-11-კლასელი იყოთ, მე კი - სკოლის აკადემიური დირექტორი, რა კითხვას დამისვამდით?

- აჰა, ესე იგი, მე რომ მე-11-კლასელი ვყოფილიყავი, რა შეკითხვას დავუსვამდი დირექტორს? ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ გამოწვევებზე კითხვები ძალიან მიყვარს, ამის შესახებ შევეკითხებოდი, მაგრამ ეს უკვე მკითხე. მაშინ,ვკითხავდი ჩემთვის სასარგებლო შესაძლებლობის შესახებ, თუ რა რეალურ და ხელშესახებ შესაძლებლობებს სთავაზობს ბაქსვუდი მე-11 კლასელს და რის დამატებას ფიქრობს აკადემიური დირექტორი სამომავლოდ.

- ალბათ, ჩემგან არაერთხელ გაგიგიათ მსგავსი ფრაზა: „შეაფასეთ ჩვენი კითხა-პასუხი 10-ბალიანი სისტემით“. ჩვენი ინტერვიუც არ იქნება გამონაკლისი და მინდა, დღევანდელი შეხვედრა შეფასებით დავასრულო.

- აჰა, მე „სტუდიას“ ველოდებოდი (იცინის). მოდი, ხმამაღლა ვიფიქრებ. გულწრფელად მინდოდა, რეალისტური გამოვჩენილიყავი და 9 ან 9.5 მეთქვა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ამ 1 და 0.5 ქულას რატომ ვაკლებ? გულწრფელად, ძალიან მესიამოვნა და მომეწონა, ამიტომ დაგიწერ 10-ს.

წყარო: www.marker.school.ge/