About School
Registration
Contact
random image

News

გარემო კომფორტულია, როცა თავად ქმნი

21 თებერვალი 2022 გარემო კომფორტულია, როცა თავად ქმნი

განათლების სისტემა ყოველდღიურად ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგას. სასწავლო პროცესში, ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლების მნიშვნელობაც დღითიდღე იზრდება. სკოლებიც მეტ ნაკლებად ცდილობენ ფეხი აუწყონ მოზარდების საჭიროებებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სასკოლო სივრცე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ განათლების მიღების ადგილი, არამედ ეს არის ჯადოსნური სამყარო, სადაც ხდება მოზარდის პიროვნების  ჩამოყალიბება, სადაც ის იძენს, გამოიმუშავებს და ივითარებს უამრავ უნარს, სადაც ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის და  დიდი სოციალური გარემოს წევრობისთვის ემზადება.

ბაქსვუდის სასკოლო ცხორება ნამდვილად ჰგავს ჯადოსნურ სამყაროს. ჰაუსები, პრეფექტები, მანტიები, ჰაუსების გამუდმებული შეჯიბრი, ჰაუსური ქულების სისტემა, ახალწვეულების მიღების ცერემონიალი, კვირისა და წლის შემაჯამებელი ღონისძიება (ესემბლი) და მრავალი სხვ. აუცილებლად მოგაგონებთ ჰარი პოტერისეულ სამყაროს, თუმცა ბაქსვუდში არც ჯადოსნური ჯოხები გვაქვს და არც მფრინავი ჯადოქრები გვყავს, სამაგიეროდ თამამად შეგვიძლია ვთქათ, რომ ბაქსვუდის ჰაუსური სისტემა აკადემიურ პროცესებთან შერწყმით ქმნის 21-ე საუკუნის ჯადოქრობას, ქართული რეალობაში.

მოგეხსენებათ, რომ ბაქსვუდში სასკოლო ცხოვრება ბრიტანულ, ტრადიციულ სასკოლო მოდელს ეფუძნება და წარმოადგენს უნიკალურ სისტემას ქართულ საგანმანათლებლო სივრცისთვის, რაც გულისხმობს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების პროპორციულად განაწილებას ჰაუსებში.

ჰაუსური სისტემა სასწავლო პროცესთან ერთად ქმნის მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას და ტრადიციული სასკოლო მოდელისგან განსხვავებით თითოეულ მოსწავლეს თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების  მნიშვნელოვან წევრად და საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვის პროცესში.

ალბათ, რთულად თუ მოიძებნება სასკოლო გარემო , სადაც ერთ სივრცეში უამრავი, არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მიეცემა მოზარდს, სადაც ის, როგორც ინდივიდი უნიკალურია, სადაც მისი აზრი მნიშვნელოვანია, სადაც თავისუფლად შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება და საკუთარი ინიციატივების განსახორციელებლად მაქსიმალურ მხარაჭერას იღებს.

ბაქსვუდის ჰაუსური სისტემა სწორედ ასეთ ღირებულებებზეა დაშენებული, ის თითოეულ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას  შეიძინონ მეგობრები, გახდნენ  მეტად დამოუკიდებლები,  არაფორმალური განათლების მიმართულებით მიიღონ სხვადასხვა სპეციფიური ცოდნები და რაც მთავარია  შეიძინონ, განივითარონ და გამოიმუშაონ ისეთი უნარები, როგორებიცაა ინდივიდუალური და გუნდური პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ლიდერობა, გუნდური მუშაობა,  გუნდის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია,  პროექტების მართვა, საჯარო გამოსვლები და მრავალი სხვ. რაც მოსწავლეებს სამომავლო გეგმების დასახვასა თუ შესრულებაში ძალიან დაეხმარება და ნამდვილად მოაზადებს მათ მომავალი ცხოვრებისთვის და საკუთარ სლოგანსაც  Ad Vitam Paramus კიდევ ერთხელ გაამართლებს.

ჰაუსურ სისტემას მისი სტრუქრტურიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე მთელი რიგი დადებითი მხარეები აქვს, რომელთა ჩამოთვლა სათითაოდ ძალიან შორს წაგვიყვანს , ამიტომ ვეცდები მნიშვნელოვან ასპექტებზე შევაჩერო თქვენი ყურადღება:

ლიდერობა

ჰაუსური სისტემის წარმართვაში აქტიურად არის ჩართული სკოლის საპრეფექტო. სკოლის მთავარი მოსწავლე ჰედ ოფ სქული, ჰაუსის პრეფექტები და ჰაუსის ჯუნიორ პრეფექტები.

მათ უმთავრესი მოვალეობაა ჰაუსებზე და ჰაუსის წევრებზე  ზრუნვა და მათთან ერთად სხვადასხვა ჰაუსური აქტივობების, ასევე სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება.

საპრეფექტოს წევრები მათზე დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე ლიდერულ უნარჩევევბს იძენენ და ივითარებენ, ისინი ერთგვარად წარმოადგენენ სკოლის სახეს და ეროვნულ თუ საერთაშორისო ღონისძიებებზე წარდგებიან სკოლის სახელით.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰაუსის თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა გახდეს ჰედ ოფ სქული, ჰაუსის პრეფექტი, ან ჰაუსის ჯუნიორ პრეფექტი.

ინიციატივების წახალისება

თითოეული მოსწავლის ინიციატივა, იდეა და სურვილი მნიშვნელოვანია, შესაბამისად, თითოეული ინიციატივა თუ იდეა ინდივიდუალურ დონეზე განიხილება. მოსწავლე კი იღებს მაქსიმალურ მხარდაჭერას, იღებს რჩევებს, შესაბამის რესურსს საკუთარი ინიციატივებისა თუ იდეების განსახორციელებლად. ეს სისტემა კი საშუალებას გვაძლევს მეტად წავახალისოთ ასეთი მოსწავლეები და სხვა მოსწავლეებსაც მოტივაცია მივცეთ , ან გავუჩინოთ სურვილი, მეტად გააქტიურდნენ.

სწორედ მოსწავლეთა ინიციატივებით ტარდება საჯარო შეხვედრები, სტუმრებს მოწვევა, სხვადასხვა სახის ტრენინგები, სოციალური კამპანიები, მოსწავლეთა ინიციატივებთ ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბები და სასკოლო ჟურნალიც.

ინტერესების ძიება

მრავალფეროვანი ჰაუსური ცხოვრება მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ინტერესები ეძებონ, აღმოაჩინონ, განივითარონ.

მეგობრების ფართო წრე

საბაზო საფეხურზე (მე-7 კლ.)  გადმოსვლის შემდეგ, მოსწავლე ხვდება  8 ჰაუსიდან ერთერთში, სადაც უკვე  იმყოფებიან მისი უფროსკლასელი ჰაუსელები (მე-8; მე-9; მ-10 და მე-11 კლასელი). მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა სასკოლო სივრცეში, საკუთარი  კლასის/კლასტერის გარდა ეკონტაქტოს, გაიცნოს, დაუმეგობრდეს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს.

თანამშრომლობითი გარემო

ჰაუსის წევრების ასაკის სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად ახალისებს მოსწავლეთა თანამშრომლობას. უფროს კლასის მოსწავლეები ასაკით უმცროსს მოსწავლეებს ასწავლიან ჰაუსური ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს, აძლევენ მოტივაციას ეხმარებიან ჰაუსურ და სასკოლო ცხოვრებაში, ერთად იღებენ მონაწილეობას სასკოლო, ჰაუსურ აქტივობებში, ერთად გეგმავენ და აორგანიზებენ ჰაუსურ აქტივობებს, იზიარებენ და ინაწილებენ ჰაუსზე დაკისრებულ მოვალეობებს და ა.შ.

ინდივიდუალური და გუნდური პასუხისმგებლობა

ჰაუსური სისტემა თავისთავში გულისხმობს კონკურენტულ გარემოს,  რის ფარგლებშიც ჰაუსები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო ჰაუსის თითოეულ წევრი ინდივიდუალურად და გუნდურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ჰაუსის წარმატებაში. ბაქსვუდში ჰაუსის წევრის / მოსწავლეების თითოეული ქმედება ფასდება და ხალისდება   ჰაუსური დადებითი (პლუს) და უარყოფითი (მინუს) ქულებით. ჰაუსის თითოეული წევრის შედეგი ჯამურად განსაზღვრავს ჰაუსის რეიტინგს. ხოლო წლის ბოლოს, საუკეთესო შედეგის მქონე ჰაუსის წევრები ჯილდოვდებიან სამახსოვრო სიმბოლური  საჩუქრებით. სწორედ  ჰაუსის რეიტნგის განსაზღვრის  ასეთი სისტემა , სადაც მოსწავლის თითოეული ქმედება გავლენას ახდენს საკუთარ ჰაუსზე ზრდის მოსწავლეებში ინდივიდუალურ და გუნდურ პასუხისმგებლობას, სხვების დახმარების და მოტივაციის მიცემის სურვილს.

აქტიური სასკოლო ცხოვრება

ჰაუსები როტაციული წესით ყოველკვირეულად მორიგეობენ, რის ფარგლებშიც აწყობენ თემატურ კვირეულებს, სხვადასხვა აქტივობებს, ჰაუსებს შორის თამაშებს, ზრუნავენ  სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა დადებით განწყობაზე, უზრუნველყოფენ სასკოლო სივრცეში წესრიგსა და სისუფთავეს, ახდენენ სასკოლო ამბების გაშუქებას ონლაინ სივრცეში. სწორედ ყოველკვირეული მორიგეობები ხდის ჰაუსურ ცხოვრებას აქტიურს, რადგან ყოველდღიურ რეჟიმში ჰაუსები გვთავაზობენ სხვადასხვა აქტივობებს და მოსწავლეებს საშუალება აქვთ აქტიურად ჩაერთონ შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელებასა და მონაწილეობაში.

ჰაუსის წევრების ერთად ყოფნა

ჰაუსის წევრებს, დროის ერთად გასატარებლად  სასკოლო სივრცეში კვირის განმავლობაში აქვთ 2 პერიოდი . სამშაბათს და ხუთშაბათს ჰაუსურ პრეპზე, როდესაც ერთ სივრცეში 2 საგაკვეთილო პერიოდით ერთად ხვდებიან. სწორედ ჰაუსურ პრეპზე იცნობენ ერთმანეთს უკეთ, ინაწილებენ პასუხიმგებლობებს, უზიარებენ იდეებს, გეგმავენ და აორგანიზებენ აქტივობებს, განიხილავენ სამომავლო ჰაუსურ გეგმებს და ა.შ. ამასთანავე ჰაუსები საკუთარი სურვილით, სოციალური პასუხისმგებლობების ფარგლებში, დამატებითი ჰაუსური ქულების მოპოვების და ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების მიზნით ხშირად აწყობენ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს სკოლის ფარგლებს გარეთ, დადიან ექსკურსიებზე, კინოში, თეატრში და ა.შ.

არაფორმალური გარემო

ფაქტობრივად, ჰაუსური სისტემა საკუთარ თავში მოიაზრებს არაფორმალურ პროცესს რაც ფორმალურ, აკადემიურ პროცესებთან ერთად ჰქმნის განსხვავებულ და საინტერესო სასკოლო ცხოვრებას. ჰაუსური სისტემა მოსწავლეებს განათლების მიღების პარალელურად სთავაზობს სხვა უამრავ შესაძლებლობას, რაც მეტად სასიამოვნოს ხდის მოსწავლეთა სკოლაში ყოფნის პერიოდს.

ჰაუსური ცხოვრება მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს, რადგან მოსწავლეთა სკოლაში სიარული მხოლოდ გაკვეთილებით, ან მხოლოდ განათლების მიღებით არ შემოიფარგლება და მათ უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს განტვირთვისთვის, გართობისთვის, სიახლეების შემეცნებისთვის და ა.შ.

სწავლების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა იმ სასკოლო გარემოს აქვს, სადაც მოსწავლე თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს. ჰაუსური სისტემა ბაქსვუდურ სასკოლო გარმოს სულ სხვა ელფერს ანიჭებს.

 ნონა მარტიაშვილი - ჰაუსმასტერი