About School
Registration
Contact
random image

News

ჰარი პოტერი, ბულინგი და მხარდამჭერი გარემო

27 იანვარი 2022 ჰარი პოტერი, ბულინგი და მხარდამჭერი გარემო

მე-6 კლასში ვიყავი, როცა ოფთალმოლოგმა სათვალე გამომიწერა. ბევრი არ მიფიქრია და, როგორც ჰარი პოტერის ჭეშმარიტმა გულშემატკივარმა, მრგვალი სათვალე შევარჩიე. თუმცა, სკოლაში მისულმა მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ჯადოსნური ჯოხის გარეშე ჩემი მრგვალი სათვალე ყველასთვის სულაც არ ასოცირდებოდა ჰარი პოტერთან და ჩემი ახალი აქსესუარი ზოგისთვის უფრო ფიზიკური ნაკლის მანიშნებელი იყო, ვიდრე ჯადოქარ გმირთან კავშირის. იმ დღიდან მოყოლებული, რამდენიმე წლის განმავლობაში სათვალეს მხოლოდ სახლსა და საკლასო ოთახში ვიკეთებდი -  ისიც გაკვეთილების დროს. შესვენებებზე და სკოლის გარეთ კი სათვალის გარეშე დავდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ მჭირდებოდა.

მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიტყვა ,,ბულინგი’’ (და, მგონი, არც გამოიყენებოდა ყოველდღიურ მეტყველებაში), მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან განვიცდიდი და ვითრგუნებოდი, როცა ვინმე ცდილობდა, სათვალეზე ეხუმრა.

ამ ამბებიდან 10 წელზე მეტია გასული და დღეს მოზარდებში აშკარად გაზრდილია მიმღებლობა სათვალისა და სხვა აქსესუარების მიმართ, თუმცა, ბულინგი  კვლავ აქტუალურ გამოწვევად რჩება, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში პრაქტიკულად ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა ფორმით.

რა არის ბულინგი?

ყველაზე უფრო გავრცელებული განმარტების მიხედვით, ბულინგი არის არასასურველი აგრესიული ქცევა, რომელიც განმეორებადია და გულისხმობს ძალების უთანასწორობას. ბულინგში ჩართულ ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს ან მომავალში შეექმნას სერიოზული პრობლემები.

იმისათვის, რომ ქცევა ჩაითვალოს ბულინგად,  მნიშვნელოვანია არსებობდეს 3 ძირითადი მახასიათებელი:

1)     ქცევა უნდა იყოს აგრესიული;

2)     ქცევა უნდა გულისხმობდეს ძალთა უთანასწორობას - მჩაგვრელი იყენებს ძალას - ფიზიკური ძალა, არასასურველ ინფორმაციაზე წვდომა, პოპულარობა - ნებისმიერი სოციალური ინსტრუმენტი, რომლითაც სხვისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

3)    ქცევა უნდა იყოს განმეორებითი.

ბულინგი მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა: ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება, ჭორების გავრცელება, ადამიანის მიზანმიმართულად გარიყვა ჯგუფიდან. საქართველოში ბულინგის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ არსებობს. ღია მონაცემების ლაბორატორიის (Datalab.ge) მონაცემების მიხედვით, 2015-2018 წლებში მოსწავლეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის 2582, 2538 და 3674 შემთხვევა გამოვლინდა.

მანდატურის სამსახურმა ბულინგის სტატისტიკის წარმოება 2015 წლიდან დაიწყო და, მაგალითად, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სტატისტიკა სულ მზარდია - 83, 133, 215, 234, 343 გამოვლენილი შემთხვევა. ცხადია, ეს სტატისტიკა შორს არის რეალური სურათისგან, თუმცა მაინც შეიძლება მზარდ ტენდენციაზე საუბარი. 

 

ბულინგის ფორმები

ბულინგი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, სათვალის ტარების გამო დაცინვა ვერბალური ბულინგის მაგალითია. ვერბალურთან ერთად, გამოყოფენ ბულინგის 4 ძირითად ტიპს:  ვერბალური, ფიზიკური, სოციალური და კიბერბულინგი.

ვერბალური ბულინგი გამოიხატება სიტყვიერი ან წერილობითი ფორმით. გაჯავრება, დაცინვა, მეტსახელების დარქმევა, შეუფერებელი სექსუალური შინაარსის კომენტარები, მუქარა - ვერბალური ბულინგის მაგალითებია.

სოციალური ბულინგი მიმართულია ურთიერთობის დაზიანებისკენ, ან სხვისი რეპუტაციის შელახვისკენ. ეს მოიცავს ისეთ ქცევებს, როგორებიცაა: სხვისი მიზანმიმართული უგულვებელყოფა/იგნორირება, ჭორების გავრცელება, მეგობრებზე უარის თქმა, ადამიანის საჯაროდ შერცხვენა.

ფიზიკური ბულინგი ბულინგის ყველაზე უფრო ადვილად შესამჩნევი ფორმაა. ეს გულისხმობს სხვა ადამიანის სხეულის ან ნივთების დაზიანებას. ფიზიკური ბულინგის დროს ხშირია ხელის წამორტყმა, ხელის კვრა, შეფურთხება, შეურაცხმყოფელი ჟესტების ჩვენება, სხვისი ნივთების დაუკითხავად აღება ან განრზახ დაზიანება.

რაც შეეხება კიბერბულინგს, ეს ბულინგის ყველაზე ახალი ფორმაა და ტექნოლოგიების განვითარებასა და სოციალური ქსელების მატებასთან ერთად, ის სულ უფრო მზარდი გამოწვევა ხდება თანამედროვე მოზარდებისთვის.  კიბერბულინგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ფარულ ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებულ ქმედებას გულისხმობს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სოციალურ ქსელში სხვისთვის შეურაცხმყოფელი ვიზუალური კონტენტის განთავსებით, ჭორების გავრცელებით, მიუღებელი შეტყობინების გაგზავნით, სიძულვილის ენით, მუქარით, სხვისი სახელით სოციალურ ქსელში ანგარიშის შექმნით, პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით.

ბულინგში ჩართული ბავშვები

ბულინგს, როგორც წესი, არ ჰყავს მხოლოდ ორი მონაწილე მხარე - მჩაგრველი და ჩაგრული. ბულინგში ჩართული ბავშვები შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დაიყოს - პირდაპირ და ირიბად ჩართულ ბავშვებად. პირდაპირ ჩართულია ბავშვი, რომელმაც განახორციელა ბულინგი და ასევე ბავშვი, რომელზეც განახორციელეს ბულინგი. რაც შეეხება ირიბად ჩართულ ბავშვებს, აქ გამოიყოფა 4 კატეგორია:

1)     ბავშვები, რომლებიც ეხმარებიან - არ არიან ბულინგის ინიციატორები, მაგრამ ეხმარებიან იმ ბავშვებს, რომლებიც ახორციელებენ ბულინგს.

2)     ბავშვები, რომლებიც ქცევას განამტკიცებენ - არიან ერთგვარი მაყურებლები ბულინგის გამახორციელებელი ბავშვისთვის, ხშირად იცინიან ბულინგის ფაქტის შესახებ ან მხარდაჭერას გამოხატავენ მჩაგვრელის მიმართ.

3)     ე.წ. ,,აუტსაიდერები’’ - უშუალოდ არ ერთვებიან ბულინგის სიტუაციაში და პირდაპირ ჩართული არც ერთი ბავშვის მხარეს არ დგანან, თუმცა, საკუთარი უმოქმედობით ირიბად წაახალისებენ ბულინგის განმახორციელებელს. აუტსაიდერები ხშირად ის ბავშვები არიან, რომლებსაც სურთ ჩაგრულის დახმარება, თუმცა არ აქვთ ამის შესაბამისი სოციალური უნარები.

4)     ბავშვები, რომლებიც იცავენ - აქტიურად არიან ჩართულნი სიტუაციაში, რათა დაიცვან ის ბავშვი, რომლის მიმართაც ხორციელდება ბულინგი.

 

ვის წინააღმდეგ ხორციელდება ბულინგი და ვინ ახორციელებს ბულინგს?

ბულინგის რისკფაქტორებზე საუბრისას მნიშვნელოვანია განვიხილოთ, ერთი მხრივ, ჩაგრულის და, მეორე მხრივ, მჩაგვრელის მახასიათებლები. ბავშვები, რომლებიც ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი, როგორც წესი, აღიქმებიან თანატოლებისგან განსხვავებულად, ან სუსტებად, ისეთებად, რომლებსაც თავის დაცვა არ შეუძლიათ. ხშირად ასეთი ბავშვები არიან დეპრესიულები, მაღალი შფოთვისა და დაბალი თვითშეფასების მქონენი. ისინი ვერ ახერხებენ სხვებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, შედეგად მათ ჰყავთ ცოტა მეგობარი და ნაკლებად არიან პოპულარულები მათ სოციალურ წრეში.

რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც ახორციელებენ ბულინგს, მათ ახასიათებთ იმპულსურობა, აგრესიულობა, ბრაზდებიან მარტივად. მათი მშობლები, როგორც წესი, ნაკლებად არიან ჩართული მათ ცხოვრებაში. ისინი ხშირად არიან ოპოზიციაში გარშემომყოფების, მათი თანატოლებისა და ავტორიტეტების მიმართ და გარემოს აღიქვამენ მტრულად. აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება თანატოლებისადმი, უჭირთ წესების დაცვა, ძალადობრივ ქცევას პოზიტიურად უყურებენ და ჰყავთ მეგობრები, ან ისეთი როლური მოდელები, რომლებიც ახორციელებენ ბულინგს.

აქვე აღსანიშნავია, რომ გამოიყოფა ბავშვთა 2 გამოკვეთილი და ურთიერთსაპირისპირო ტიპი, რომლებიც უფრო ხშირად ხდებიან მჩაგვრელები:

1) აქვთ სოციალური უნარების დეფიციტი, შედეგად არიან იზოლირებულები თანატოლებისგან; ახასიათებთ დეპრესიული გუნება-განწყობა, შფოთვის მაღალი დონე და დაბალი თვითშეფასება. ნაკლებად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ადვილად ექცევიან სხვისი მავნე ზეგავლენის ქვეშ. არ არიან ემპათიურები და უჭირთ სხვების გრძნობების იდენტიფიცირება.

2) მათ აქვთ გამოკვეთილად კარგი სოციალური უნარები, აქვთ კარგი კავშირები თანატოლებთან, არიან აღიარებულები და თვითდამკვიდრებულები, აქვთ სოციალური მხარდაჭერა და პოპულარობა.

 

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია?

ბულინგი ნებისმიერი ბავშვისთვის სტრესისა და შფოთვის წყაროა. ბულინგის მსხვერპლი ბავშვები განიცდიან ფსიქოლოგიურ წნეხს, რის შედეგადაც მათი ქცევა, ხშირ შემთხვევაში, თვალშისაცემად იცვლება: ისინი შეგნებულად მიმართავენ სოციალურ იზოლაციას, არიან გარიყულები, თავს უკეთ გრძნობენ არა თავის თანატოლების, არამედ უფროსების გარემოცვაში. ზოგჯერ ბულინგის მსხვერპლი ცდილობს მჩაგვრელის ,,გულის მოგებას,’’ რაც ასევე თვალშისაცემია ხოლმე. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს დაზიანებები, რომელთა წარმომავლობის ახსნაც ბავშვს უჭირს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის, თვითდაზიანებით. დამახასიათებელია ასევე პერიოდულად დაკარგული ან დაზიანებული სასკოლო ნივთები, წიგნები, ელექტრონული მოწყობილობები, ტანსაცმელი.  ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს ახასიათებთ ფიზიკური ჩივილებიც: ხშირად იტკიებენ თავს ან მუცელს, ზოგჯერ იგონებენ კიდეც, რომ თავს შეუძლოდ გრძნობენ სკოლაში ყოფნისას. ამავდროულად, შეიძლება მდგომარეობამ უფრო მძიმე ფორმაც მიიღოს, რა დროსაც იცვლება ბავშვის კვებითი ჩვევები, ჩნდება ძილის პრობლემები, რასაც თან ერთვის სკოლის მიმართ მოტივაციის დაკარგვა და აკადემიური მოსწრების გაუარესება. არაა იშვიათი, როცა ასეთ დროს ბავშვი ენთუზიაზმის დაკარგვასთან ერთად კარგავს მეგობრებსაც, ან თავს არიდებს სოციალურ სიტუაციებს, ვინაიდან თავს დაუცველად გრძნობს და უქვეითდება თვითშეფასება.

იქმნება ერთგვარი ჯაჭვური წრე, როცა მდგომარეობის ერთ სფეროში გაუარესებას (მაგალითად, მოტივაციურში) ლოგიკურად მოსდევს სხვა სფეროშიც გაუარესება(მაგალითად, დაბალი თვითშეფასება). ამ წრიდან გამოსვლის ძალა კი ბულინგის მსხვერპლს აღარ აქვს. ეს ის ნიშნებია, რომლებიც მიუთითებენ, რომ ბავშვს აქვს სერიოზული პრობლემები, რომლებთან გამკლავების რესურსიც თვითონ არ აქვს და მას სჭირდება უფროსების დახმარება.

თუმცა, თუკი დროულად არ მოხდა აღმოფხვრა, ბულინგს აქვს კიდევ უფრო დამაზიანებელი გრძელვადიანი ფსიქოემოციური და ფსიქოსომატური შედეგები: დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, მელანქოლია და მარტოსულობის განცდა, იმ აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვა, რომლებიც ადრე სასიამოვნო იყო, ძილისა და კვების პრობლემები, გასტროენტერალური სისტემის დაავადებები, აკადემიური მოსწრების მკვეთრი გაუარესება, გარკვეული დროის შემდეგ ძალადობრივი ქცევითი პატერნის გამოვლენა, სუიციდის რისკი.

ბულინგის პრევენცია

უკვე კლიშედ ქცეული ფრაზაა, რომ პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა სკოლაში უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ბულინგის შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, ვინაიდან თუკი რამე შეიძლება, ერთი მხრივ,შემაკავებლად მოქმედებდეს პოტენციური მჩაგვრელისთვის და, მეორე მხრივ, უბიძგებდეს შესაძლო მსხვერპლს პრობლემაზე სასაუბროდ, არის სწორედ პოზიტიური და მხარდამჭერი გარემო სკოლაში, სადაც ძალადობრივი ქცევა არავითარ შემთხვევაში არაა წახალისებული და მარგინალიზებულია და სადაც მოსწავლემ იცის და აქვს იმედი, რომ მას დროულად აღმოუჩენენ შესაბამის კვალიფიციურ დახმარებას.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სრულყოფილად პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა შეუძლებელია, ვინაიდან სკოლა ცოცხალი, მუდამ ცვალებადი და დინამიკური ორგანიზმია, ცხადია, რომ ბულინგის შემთხვევები მაინც მოხდება. ამიტომ საჭიროა, რომ პოზიტიურ და მხარდამჭერ გარემოსთან ერთად, სკოლას ჰქონდეს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი რეაგირება ბულინგის ფაქტზე. მნიშვნელოვანია როგორც ბულინგის შეფასება და მისთვის შესაბამისი სახელის დარქმევა, ისე პირდაპირ და ირიბად ჩართული პირების გამოვლენა და ბოლოს ფაქტზე რეაგირება.

გარდა ამისა, პრევენციის ძალიან კარგი და აპრობირებული საშუალებაა მოსწავლეთა ინფორმირება, თუ როგორ მოიქცნენ ბულინგის შემთხვევაში. ეს შეიძლება განხორციელდეს პროექტების, პრეზენტაციების, დისკუსიების, როლური თამაშების მეშვეობით. რაც უფრო მეტი პერსპექტივით დაინახავენ მოსწავლეები ბულინგსა და მის მავნე შედეგებს, მით უფრო პრევენციულად იმუშავებს ეს ინფორმაცია.

და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია უკვე მომხდარი ფაქტის შემდეგ კომუნიკაცია ბულინგში ჩართულ ბავშვებთან. მსხვერპლმა მუნდა იგრძნოს, რომ მას უსმენენ, მისი სჯერათ და მის მიმართ არიან ემპათიურები. ასევე მნიშვნელოვანია, მსხვერპლმა გაიაზროს, რომ ის არ არის დამნაშავე და მომხდარი მისი ბრალი არ არის. ხშირად ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს უჭირთ საუბარი და განიცდიან თვალშისაცემ ფსიქოლოგიურ პრობლემებს. საჭიროების შემთხვევაში, ასეთ დროს რეკომენდირებულია ბავშვის გადამისამართება სპეციალისტთან.  არ არის რეკომენდირებული ბავშვის სკოლიდან დროებით გათავისუფლება მისი გარემოდან გარიდების მიზნით.

რაც შეეხება ბულინგის განმახორციელებელს, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ასეთ დროს უხეში დამსჯელობითი ღონისძიებები არ არის ეფექტური, შესაბამისად დაშინება, სკოლიდან დათხოვნა და სხვა სტრატეგიები ბულინგის განმახორციელებლის ქცევას არ შეცვლის. ასევე, არაა რეკომენდირებული ბულინგის განმახორციელებელ ბავშვებთან ერთობლივად საუბარი. როგორც წესი, ეს არაეფექტურია. მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ბულინგის განმახორციელებელთან მას შემდეგაც, რაც პრობლემა აღმოიფხვრება, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ მან კარგად გაიაზრა ის ზიანი, რაც მსხვერპლს მიადგა მისი ქმედების შედეგად.

რომ შევაჯამოთ - პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა და მოსწავლეების ფსიქოგანათლება და ინფორმირებულობა უზრუნველყოფს იმას, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება ბულინგის შემთხვევები სკოლაში. ამავდროულად, აუცილებელია, სკოლას ჰქონდეს მკაფიო რეაგირება მომხდარ ბულინგის ფაქტებზე და სისტემატიურად მუშაობდეს ბულინგში ჩართულ ყველა მხარესთან. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბულინგი არ არის ის პრობლემა, რომელიც მარტივად გვარდება და მის აღმოფხვრას სჭირდება დრო, მოთმინება, თანმიმდევრულობა, მუდმივი კომუნიკაცია და მუშაობა ბავშვებთან.


მიხო იაშვილი - ტუტორი, ფსიქოლოგი