About School
Registration
Contact
random image

News

რა თამაშობს გადამწყვეტ როლს მოზარდის მისწრაფებებისა და ინტერესების ჩამოყალიბებაში?

30 მარტი 2022 რა თამაშობს გადამწყვეტ როლს მოზარდის მისწრაფებებისა და ინტერესების ჩამოყალიბებაში?

სკოლა ბავშვისთვის ის გარემოა, რომელიც მას ცხოვრებისთვის/ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის ამზადებს, დღევანდელი, 21-ე საუკუნის სკოლის როლი და ფუნქცია არა მხოლოდ მოსწავლისთვის აკადემიური უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის ზრუნვა და ფაქტობრივი ცოდნის გადაცემაა, არამედ  მოსწავლის ფიზიკური, ფსიქოლოგიურ, ემოციურ და სოციალურ უნარების განვითარებაზეც იღებს პასუხისმგებლობას.

 

სკოლა მის ფუნქცია მოვალეობებში მოსწავლისთვის ისეთი ჯანსაღი გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც მოსწავლეს პიროვნული და მორალური ღირებულებების ჩამოყალიბებაში, არსებული რესურსებისა და უნარ-ჩვევების აღმოჩენასა და რეალიზებაში, ოცნებების და სურვილების ახდენაში, მისწრაფებების შეძენასა და განხორციელებაში ეხმარება.

 

ამჯერად განვიხილავ თუ რა როლი აქვს სკოლას მოსწავლის მრავალფეროვანი მისწრაფებების გაღვივებაში.

 

წარმოიდგინეთ მიდიხართ სკოლაში, კარგ შემთხვევაში თავდაჯერებული, ცუდ შემთხვევაში არც თუ ისე თავდაჯერებული პატარა ადამიანი, გაქვთ თქვენი ოცნებები, ინტერესები, სურვილები, მისწრაფებები,  (ან შესაძლოა არც კი იცოდეთ რა გინდათ). რა თამაშობს ამ დროს გადამწყვეტ როლს, არსებული მისწრაფებების მიყოლა განხორციელებაში,  დამალულის აღმოჩენასა, ან თუნდაც არარსებულის შეძენაში? თავდაჯერებულობა, თვითშეფასება და რა თქმა უნდა ის გარემო, სადაც აღმოვჩნდებით ხოლმე, ზუსტად ამ გარემოზეა დამოკიდებული ჩვენი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა. პატარა ასაკში რა აყალიბებს საკუთარი თავის რწმენას? გარემოსგან წამოსული უკუკავშირი.  როდესაც ადამიანი არის პატარა, არ აქვს საკმარისი გამოცდილება ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი თავი, იგი საკუთარ თავს აფასებს იმის მიხედვით, თუ როგორ აფასებს გარემო.

 

სკოლა, როგორც გარემო...  

 

როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მით უმეტეს დაწყებით საფეხურზე, მისთვის ეს  სიახლეებთან შეხვედრის, ახალი გამოცდილების მიღების, ახალი ემოციების და გამოწვევების  მიღების ეტაპია, ამავდროულად ეს  ის ადგილია, სადაც პატარა ადამიანისთვის, სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელი/თანამშრომელი და განსაკუთრებით მასწავლებელი ავტორიტეტია. ხოდა წარმოვიდგინოთ, რამხელა გავლენა აქვს გარემოს, მასში მყოფ ადამიანებს და მათ უკუკავშირს მოსწავლეზე.

 

ჩვენზეც კი, დიდ ადამიანებზე მადემოტივირებლად მოქმედებს, ჩვენს მიერ გამოხატული ინტერესის უგულვებელყოფა, მით უმეტეს პატარებში ეს პროცესი გაუცნობიერებლად მიმდინარეობს, თუკი მასწავლებელი გულგრილად ეკიდება მოსწავლის ინტერესს და ინიციატივას რაღაცის მიმართ, შესაძლოა ბავშვს დაუკარგოს ინტერესი ან ინტერესის გამოხატვის სურვილი, ასევე ნეგატიური გავლენა იქონიოს მის თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებაზე. მაშინ როც ერთმა სწორმა უკუკავშირმა და ინტერესიანმა დამოკიდებულებამ, კიდევ უფრო გაუღვივ მოსწავლეს უკვე არებული ინტერესი, ან გაუჩინოს ახალ-ახალი ინტერესები და მისწრაფებები, ხოლო წახალისბამ და მისი ინტერესებით დაინტერესებამ შემატოს თავდაჯერებულობა და მოუნდეს მეტის გარკვევა და გაკეთება. საწყის ეტაპზე მოტივი შეიძლება სულაც ავტორიტეტის ქების დამსახურება იყოს, ხოლო შემდგომ, მართლაც აღმოაჩინოს თავი ამა თუ იმ საქმიანობაში და მისი ცხოვრების ნაწილად აქციოს.

 

არ არსებობს ადამიანი, რომელშიდაც პატარ-პატარა მისწრაფებები და ინტერესები არ იმალება, თუ ამას არ გამოხატავს მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს, ეს შეიძლება იყოს არასწორი უკუკავშირის გამო დათრგუნული ინტერესი, შესაძლებლობის არქონა აღმოაჩინოს და გაერკვეს საკუთარ მისწრაფებებში, არასანდო გარემო და ადამიანები, სადაც თვითგამოხატვა უჭირს და ა.შ ბევრსგან მსმენია, "არაფერი აინტერესებს,  „ვერაფრით დავაინტერესე“ და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ პატარა ძალისხმევაა საჭირო დავაკვირდეთ,  აღმოვაჩინოთ და წავახალისოთ მოსწავლე აღმოაჩინოს საკუთარი თავი და საკუთარ პიროვნებაში დამალული ან მიძინებული ინტერესები. ხანდახან პატარა ეშმაკობაა საჭირო ბავშვში ისეთი ინტერესი გააღვიძო რის მიმართაც საერთოდ არ იჩენდა ინტერესს, როდესაც შენ მისთვის ავტორიტეტი ხარ და შენს ნათქვამს მასზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, გაუზიარე მას საკუთარი გამოცდილება, შენი ინტერესები, რაც შესაძლოა მისი პიროვნებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს, თუ დაიჭერ პატარა რაღაცას მასში, გამოიყენე ეს წვრილმანი ხელჩასაჭიდად, მიაშენე მას ახალი ელემენტი, რაც შესაძლოა მაინსპირირებელი იყოს მოსწავლისთვის, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს შესაძლოა უზარმაზარ ბურთად გადაიქცეს, რომელითაც მოსწავლეს თამაში მოუნდება და მის გატაცებად გადაიქცევა.

 

თითოეული ბავშვი უნიკალურია ინდივიდუალური საჭიროებებით, ინტერესებითა და შესაძლებლობებით, პირადი გამოცდილება განსაზღვრავს მის ინტერესებს, შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს. თუ ბავშვმა არ იგრძნო, რომ აღიარებულია, თუ მის ინდივიდუალურობას პატივს არ სცემენ, მისი ინტერესებით არ ინტერესდებიან, იგი აუცილებლად დაითრგუნება და ჩაიკეტება. ბავშვი, თავისი დაგროვილი გამოცდილებით მოდის სკოლაში, სკოლა კი თავის მხრივ მის ინდივიდუალურ ინტერესებზე და საჭიროებებზე დაყრდნობით, ახალ უნარებს და ცოდნას აშენებს ბავშვის უნიკალურად დაგროვილ გამოცდილებას და ღირებულებებს. თუ სკოლას ყავს გულისხმიერი თანამშრომლები, რომელებიც მოსწავლეებზე არიან ორიენტირებულნი, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამოდიან და არ იშურებენ დროს და ენერგიას წვლილი შეიტანონ მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მოსწავლის  განვითარებაში, ამას აუცილებდა მოახერხებენ.

 

მასწავლებელს ბავშვის პიროვნების შესწავლაში ყველაზე მეტად არაფორმალური გარემო, შეხვედრები და საუბრები ეხმარება, თუ დაუსვამთ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი მომავალში, თუ დავინტერესდებით მათი ჰობით/გატაცებით, თუ შევთავაზებთ თამაშებს და აქტივობებს, სადაც ისინი მოირგებენ სხვადასხვა როლს, თუ მივცემთ თავისუფლებას თვითონ დაგეგმონ თამაში, აქტივობა, ხოლო ჩვენ ამ პროცესის მონაწილეები და დამკვირვებლები ვიქნებით, მეტად გაგვიადვილდება მათი ინტერესების, ინდივიდუალური მახასიათებლების, უნარების და მისწრაფებების აღმოჩენა და იდენტიფიცირება, რადგან ბავშვები საკუთარ ემოციებს, დამოკიდებულებებს, ინტერესებს და მისწრაფებებს ერთმანეთთან ურთიერთობის დროს გამოხატავენ. მთავარია შევთავაზოთ მხარდამჭერი, სანდო, მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად გამომჟღავნებას, რადგან ბავშვს თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამომჟღავნება, მხოლოდ თბილ, სამართლიან, მეგობრულ და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველმყოფ გარემოში შეუძლია. 


მაშო ჯოხაძე - ფსიქოლოგი, ტუტორი