„Everybody is a genius. But if you judge a fish
by its ability to climb a tree, it will live its
whole life believing that it is stupid.”
- Albert Einstein
ალბათ, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს
მოგონებები სკოლაზე-ზოგი სასიამოვნო, ზოგი არც ისე. და სადღაც, გულის სიღრმეში, სულ
გვიზის ერთი (თუ გაგვიმართლა ორი, თუ ძალიან გაგვიმართლა ორზე მეტიც) ისეთი მასწავლებელი,
რომელმაც სულ იცოდა, როგორ დაგვლაპარაკებოდა, როდის გაეღიმა ჩვენთვის, როდის თვალით
მოეცა შენიშვნა და როდის გადაესვა თავზე ხელი ისე, რომ გვცოდნოდა ჩვენიანია, ჩენზე
ფიქრობს, ჩვენთვის აკეთებს...
როდესაც გავიაზრე, რომ ჩემს ყოველდღიურობას სკოლას
ვუკავშრებდი და წინ მთელი ზაფხული მქონდა იქამდე, სანამ კლასში პირველად შევდგამდი
ფეხს, დიდი სამზადისი დავიწყე. მივიწყებული ფოლდერებიდან ძველი მასალების ამოკრებას
შევუდექი. გადავიმეორე მეთოდები, სტრატეგიები, დავახარისხე აქტივობები, შევადგინე სასწავლო
გეგმა. ზაფხულის ბოლოს, თამამად ვთქვი, რომ კლასისათვის ყველაფერი მზად მაქვს და მოუთმენლად
ველოდი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლის დაწყების პირველივე დღეს აღმოვაჩინე, რომ შეიძლება
იყო მზად კლასისთვის, მაგრამ ამავდროულად, განსაკუთრებულად უნდა იყო მზად იმ ოცი ინდივიდისთვისაც,
ვინც კლასს აყალიბებს. ამისათვის კი ვერც ერთი მასალა თუ წიგნი ვერ მოგამზადებს.
თანამედროვე სამყაროს ხიბლი იმაში მდგომარეობს,
რომ ყველანი განსხვავებულები და განსაკუთრებულები ვართ. სწორედ ამიტომ, სწავლების სტილიც
ამ განსაკუთრებულობის, განსხვავებულობის წახალისებასა და მიღებას უნდა ეყრდნობოდეს.
შეუძლებელია, ყველას ერთნაირად გვესმოდეს ერთი
და იგივე ინსტრუქცია ან ყველას ერთნაირად გამოგვდიოდეს ესა თუ ის საქმიანობა. მასწავლებლის
მთავარი როლი თანამედროვე კლასში სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეძლოს სათანადოდ გაიცნოს
თითოეული მოსწავლე, გაიგოს მათი სუსტი და ძლიერი მხარეები, ინტერესები, შესაძლებლობათა
სპექტრი და სასწავლო მასალა თითოეულს მოარგოს ისე, რომ გაუჩინოს სწავლის მოტივაცია.
განსაკუთრებული დაკვირვება და სენსიტიურობა გვჭირდება
იმისთვის, რომ არავინ გამოგვეპაროს, ყველას ემოცია ვიგრძნოთ, ყველას შესაძლებლობას
მივცეთ სწორი მიმართულება.
ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, თუ მოსწავლეს არ მოვუსმინეთ. მე უნდა და მინდა
ვიცოდე, როგორ გაატარა შაბათ-კვირა, რომელ წრეზე დაიწყო სიარული, რა არის მისი საყვარელი
თამაში, რომელი სუპერგმირის გამოსახულებიანი მაისური აჩუქა ოჯახის წევრმა. ამ პატარ-პატარა
ისტორიების მოსმენით, ვიქმნი შთაბეჭდილებას, ვპოულობ მასთან საერთოს და შედეგად, ვიცი:
სპორტის გაკვეთილზე იმიტომ კი არ თქვა უარი თამაშზე, რომ უბრალოდ არ უნდა, ღამით მამა გააცილა აეროპორტში
და დაღლილია. ამიტომ, ზედმეტს არ მოვთხოვ. ქართულზე ტექსტი უკეთ იმიტომ წაიკითხა, რომ
ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და შაბათ-კვირა კითხვას დაუთმო, ამიტომ, ორმაგად შევაქებ.
ასეთი მაგალითი უამრავია სასკოლო ყოველდღიურობაში.
ერთსა და იმავე გაკვეთილზე მასწავლებელმა შეიძლება შეაქოს მოსწავლე, რომელმაც ყველა
მაგალითი უმოკლეს დროში გააკეთა და ამავდროულად, შეაქოს მოსწავლეც, რომელსაც პირველად
გამოუვიდა რიცხვების უჯრაში ჩატევა.
ვერც ერთ ადამიანს ინდივიდუალურად ვერ მიუდგები
,თუ მას არ იცნობ. გაცნობისათვის კი აუცილებელია მოსმენა, დაკვირვება (განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც მოსწავლე არ ფიქრობს, რომ აკვირდებიან) და მიმღებლობა.
პროცესი, რა თქმა უნდა ,ხანგრძლივია (მე ასე მგონია, უწყვეტიც), ინდივიდუალური
მიდგომების ძიებისას შეიძლება დავუშვათ შეცდომები (დიახ, მასწავლებლებიც უშვებენ შეცდომას
და სხვათაშორის საპირფარეშოშიც დადიან) მთავარია, შეცდომის აღიარება შეგვეძლოს და, საჭიროებისას, ბოდიშის მოხდაც (ცნობისათვის, ბავშვისთვის ბოდიშის
მოხდით უფროსი საკუთარ ავტორიტეტს არ აკნინებს.)
მთავარია, გვახსოვდეს, რომ არ არსებობს უნივერსალური
მიდგომა, სტრატეგია, სწავლების მოდელი. ისევ და ისევ გულში თუ ჩავიხედებით, აღმოვაჩენთ,
რომ ჩვენმა საყვარელმა მასწავლებელმა (მასწავლებლებმა) იქ თავისი ადგილი სწორედ იმიტომ
დაიკავა, რომ მიხვდა, როგორ მოგვიდგეს, როგორ მოგვისმინოს, როგორ იყოს ჩვენი მეგობარი
და უპირველესი გულშემატკივარი.
„რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი
უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ.“
-შალვა ამონაშვილი
მარიამ თანანაშვილი - ფსიქოლოგი, ტუტორი