სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

მისია, ხედვა და ღირებულებები

07 sep 2023 მისია, ხედვა და ღირებულებები
მისია

ჩვენ გვწამს, რომ თითოეული ბავშვი უნიკალური ნიჭის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ბაქსვუდის სკოლის უმთავრესი მისიაა ამ ნიჭის აღმოჩენა და შესაბამისი გარემოს შექმნა მისი მაქსიმალური რეალიზებისათვის. სკოლა მოწოდებულია, განათლების ქართული და ბრიტანული ტრადიციების უნიკალური შერწყმის გზით, აღზარდოს მომავალი თაობები თანამედროვე, ქართული, სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მისცეს მათ საფუძვლიანი საბაზო ცოდნა სხვადასხვა დარგში და განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები წარმატებული სტუდენტობისა და პროფესიული კარიერისათვის.

ხედვა

ბაქსვუდის სკოლის ხედვა ეფუძნება სასკოლო პროცესების სრულად მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებას. სკოლის გუნდს მიაჩნია, რომ თითოეული თანამშრომელი ემსახურება მოსწავლის პიროვნულ და ფსიქოემოციურ განვითარებას შემდეგი პრიორიტეტებით:

I. ბავშვი, როგორც პიროვნება - (ბედნიერი და რეალიზებული)
II. ბავშვი, როგორც მოქალაქე - (ღირსეული და ერუდირებული)
III. ბავშვი, როგორც პოტენციური ლიდერი - (მაძიებელი და შემქმნელი)

ღირებულებები

სამართლიანობა: სასკოლო წესებისა და ტრადიციების წინაშე ყველა ბაქსვუდელი თანასწორია. ყველას თანაბრად ეძლევა საკუთარი თავის რეალიზების შანსი. ყველა მოსწავლესა და თანამშრომელზე თანაბრად მოქმედებს ბაქსვუდის შეფასებისა და წახალისების სისტემა. შესაბამისად, დაუშვებელია  სამართლიანობის პრინციპის დარღვევა ნებისმიერი წევრის მხრიდან;
ტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა: ბაქსვუდის ოჯახის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი მრავალფეროვნებაა.  დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული ქმედების განხორციელება ან წახალისება ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, რასობრივი, გენდერული, სოციალური, განსხვავებული პირადი აზრის ან რაიმე სხვა ნიშნით;
დისციპლინირებულობა და ტრადიციების პატივისცემა: ბაქსვუდელთა წარმატების საფუძველი დისციპლინის სწორი აღქმა და პატივისცემაა. სასკოლო დისციპლინას და ბაქსვუდის  ტრადიციებს ყველა მოსწავლე და თანამშრომელი პატივს სცემს და იზიარებს;
გუნდურობა: ბაქსვუდის სკოლა ერთიანი ოჯახია, რომელიც აფასებს გუნდურობას. ამავე პრინციპს  ეყრდნობა ჰაუსების სასკოლო სისტემაც. ბაქსვუდელები პატივს სცემენ ერთმანეთის პოტენციალს, ნიჭსა და ცოდნას, იაზრებენ თანამშრომლობის და გაერთიანებული რესურსების სწორი გადანაწილების მნიშვნელობასა და სიძლიერეს.
ახალი წევრების თანადგომა: ბაქსვუდის ოჯახს ახალი წევრები ყოველწლიურად ემატებიან. თითოეული მოსწავლე და თანამშრომელი აანალიზებს, რომ ყველა ახალ წევრს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ბაქსვუდში ადაპტაციისათვის. ბაქსვუდელები სიამოვნებით ეხმარებიან მათ და უზიარებენ გამოცდილებას იმ გზის გასაკვალად, რომელიც ერთხელ თავად უკვე გაიარეს.