COVID-19- ის პირობებში
მილიონობით ბავშვისა და ახალგაზრდის ცხოვრება მხოლოდ მათი სახლებითა და ეკრანებით შემოიფარგლა.
ბევრისთვის ონლაინ ყოფნა სწრაფად იქცა თამაშის, სოციალიზაციისა და სწავლის ერთადერთ
საშუალებად.
მიუხედავად იმისა,
რომ ტექნოლოგიები და ციფრული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა
ბავშვების სწავლის, გართობისა და სოციალური კავშირების შენარჩუნებისთვის, მათ
ბავშვების წინაშე არსებული უამრავი რისკის გაზრდა შეუძლიათ.
ეკრანთან გატარებული
დროის ზრდამ შეიძლება მეტად გაამწვავოს და გააძლიეროს იმ ბავშვების განცდები, რომელთაც
უკვე მიადგათ ზიანი - ინტერნეტში
ან მის გარეთ. სკოლების დახურვამ, ფიზიკურმა დისტანცირებამ, მომსახურებების შემცირებამ
და ისედაც მოწყვლადი ოჯახების მზარდმა პრობლემებმა შეაფერხეს და შეამცირეს ბავშვებისათვის
ხელმისაწვდომი ზოგიერთი დამცავი ზომა, იქნება ეს მათთვის
დამხმარე, სასურველი და სასიამოვნო სოციალური გარემო თუ ფსიქოლოგიური, სამედიცინო სერვისი.
ამავე დროს, იზრდება
ბავშვთა ფიზიკური და ემოციური
ჯანმრთელობის პრობლემების რისკი. ზოგი
მტკიცებულების თანახმად, ინტერნეტში გატარებული დროის ზრდა ამცირებს გარე აქტივობებს
და ძილის ხარისხს, ზრდის შფოთვის სიმპტომებს და არაჯანსაღი კვების ჩვევებს.
იმ რთული გამოწვევების მიუხედავად, რის წინაშეც მთელი
მსოფლიო დადგა, ყველა არსებულ მდგომარეობასთან ადაპტაციას ვცდილობთ. თავის მხრივ, ეს
პროცესი სკოლის მოსწავლეებსაც შეეხო ონლაინ რეჟიმიდან სასკოლო სივრცეში დაბრუნებისას.
როგორც ზრდასრულთთათვის, ასევე ბავშვებისა და მოზარდებისთვისაც არ აღმოჩნდა ეს მარტივი,
რადგანაც პანდემიამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადამიანები რთული სოციო-ეკონომიკური
თუ ჯანრთელობის მდგომარეობის წინაშე დააყენა. ბევრმა დაკარგა სამსახური, შემოსავალი,
საყვარელი ადამიანი, რაც პირდაპირ აისახა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის არსებულმა და პანდემიის გამოწვევებმა
გავლენა იქონია სკოლაში დაბრუნებაზე. აღმოჩნდა, რომ ამ პროცესში ბავშვებს შეიძლება
დასჭირდეთ დამატებითი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა.
სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ პანდემიის შემდგომ
ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მასთან არსებულ გამოწვევებზე სკოლის მოსწავლეებში.
ბოლოდროინდელი კვლევების შედეგები გვეუბნება, რომ ამერიკაში მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა
2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში განაცხადეს, რომ მათ შვილებს აღენიშნებოდათ დეპრესიის,
შფოთვისა და ფსიქოლოგიური სტრესის სიმპტომები, 22%-ს - საერთო გონებრივი ან ემოციური
ჯანმრთელობის გაუარესება. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC-Centers
for Disease Control and Prevention) ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ პანდემიის დროს გაიზარდა
ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების ვიზიტები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
გადაუდებელი შემთხვევებისა და 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების სუიციდის სავარაუდო
მცდელობებთან დაკავშირებით.
ქვემოთ ჩამოთვლილია მიზეზები, რომლებიც სკოლის სივრცეში
დაბრუნებისას ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ მდგომარეობასა და ქცევაში მოსალოდნელ
სირთულეებს გვიწინასწარმეტყველებენ:
·
პანდემიამ გამოიწვია ბავშვების რუტინისა და სოციალური
ურთიერთობების რღვევა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელია ასოცირებული იყოს შფოთვასა და
დეპრესიასთან.
·
ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში სოციალური ურთიერთობების,
გაზიარების მოთხოვნილების დათრგუნვით გამოწვეული აწეული გაღიზიანების ზღურბლი შესაძლო
სირთულეებს ქმნის ჩვეულ გარემოში დაბრუნებასა და ადაპტაციის პროცესში.
·
მშობლების, ოჯახის წევრების სტრესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ფაქტორია, რომელიც პირდაპირ აისახება ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მშობლების
სტრესმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მშობლისა და ბავშვის ჯანსაღ კავშირს, მიჯაჭვულობას
და გამოიწვიოს ქცევის, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები.
·
მშობლების სტრესი
და ფინანსური გაჭირვება ზრდის ბავშვზე შესაძლო ძალადობისა და უგულებელყოფის რისკებს.
კვლევების დიდი ნაწილი აჩვენებს, რომ ეკონომიკური არასტაბილურობა არის ბავშვების ჯანმრთელობის
შედეგების მნიშვნელოვანი სოციალური მსაზღვრელი.
·
გარემოში არსებული სტრესული ფონი პირდაპირ აისახება
ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გვაძლევს ისეთი ტიპის გართულებებს, როგორიცაა:
·
ყურადღების კონცენტრაციისა და ნებელობის დაქვეითება,
რაც ქმნის სირთულეებს აკადემიური საქმიანობის პროცესში;
·
ემოციური არასტაბილურობა, რაც ართულებს პირად და სოციალურ
ურთიერთობებს, ზრდის შესაძლო კონფლიქტების რისკს და კომუნიკაციას ნაკლებად სასიამოვნოს
ხდის;
·
სტრესული ფონისგან გამოწვეული დაძაბულობა, რომელიც შესაძლოა
უარყოფითად აისახოს მოსწავლის თვითშეფასებაზე, რაც ჯანსაღი ფსიქიკისა და გარემოში ადეკვატური
ფუნქციონირების წინაპირობაა;
·
მოტივაციის დაქვეითება, რაც სხვადასხვა სფეროში დისბალანსის
დარეგულირების მნიშვნელოვანი მოტივატორია;
თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ შესაძლო პრობლემების
ჯაჭვურ რეაქციას. იმისთვის, რომ მისგან გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება შევძლოთ, საჭიროა,
გვესმოდეს, თუ როგორია მათი წარმოშობისა და მოქმედების მექანიზმი, შევამჩნიოთ პრობლემა,
შევძლოთ მდგომარეობის შეფასება და დავგეგმოთ შემდგომ მოქმედების გზები.
სასკოლო გარემო ბევრი მოსწავლისთვის სწორედ ის სივრცეა, სადაც მხარდაჭერას გრძნობენ. როცა მათ ამ საჭირო სივრცესთან ადაპტაციის პროცესში პრობლემა ექმნებათ, სწორედ ჩვენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები, მასწავლებლები, მშობლები ვართ ისინი, ვისი პირდაპირი პასუხისმგებლობაცაა მათი დახმარება.
გვანცა ბარბაქაძე - ტუტორი, ფსიქოლოგი