სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

რამდენად ვინტერესდებით მოზარდის პიროვნებით და აღვიქვამთ თუ არა მათ დამოუკიდებელ პიროვნებებად?

08 თებერვალი 2022 რამდენად ვინტერესდებით მოზარდის პიროვნებით და აღვიქვამთ თუ არა მათ დამოუკიდებელ პიროვნებებად?

ბავშვის ხასიათსა და მისი პიროვნების ფორმირებას ჩვენი, ზრდასრულების,  მათ მიმართ დამოკიდებულება და მხარდაჭერის ხარისხი განსაზღვრავს.

რამდენად ვინტერესდებით მათი პიროვნებით, ზოგადად აღვიქვამთ თუ არა დამოუკიდებელ პიროვნებებად? ვპასუხობთ მათ ნებისმიერ შეკითხვას თუ თავს ვარიდებთ? ვკიცხავთ შეცდომებისთვის თუ მათ მოგვარებაში ვეხმარებით?

ბავშვობა და მოზარდობა ძიების ღრმა პროცესია, თვითდამკვიდრებისა და თვითგამოხატვის ძლიერი სურვილით სავსე. სანამ თავს იპოვიან , მათი ექსპერიმენტები ლოგიკურია. ხშირად გარეგნულ ცვილებებს მიმართავენ, იცვლიან ინტერესთა სფეროებს. შესაძლოა, სხვადასხვა სახის პრობლემებმაც იჩინოს თავი, როგორიცაა გარემოსთან ადაპტაცია, მიზნის მიღწევის დაბალი მოტივაცია, სირთულეები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში და ა.შ. ამ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არ არიან, მათ გვერდით ვართ ,ვენდობით, გვჯერა მათი და გვიყვარს უპირობოდ, ვიღებთ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.

ყველაფერი აინტერესებთ, სვამენ უამრავ შეკითხვას, ზოგჯერ ისეთებსაც, რომლებიც უფროსებს გვაბნევს ან გვძაბავს, მაგრამ  უპასუხოდ არცერთი კითხვა არ უნდა დავტოვოთ, ბავშვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა უნდა დავაკმაყოფილოთ. კითხვა დაგვისვა, ე.ი. გვენდობა, ჩვენ კი მისი ნდობა უნდა გავამყაროთ და ისეთი პასუხი გავცეთ, რომელიც მას ზიანს არ მოუტანს, ამავე დროს, იქნება რეალური, მარტივი და გასაგები (მხოლოდ სიმართლე).

ბავშვები ზრდასრულებს გვბაძავენ, ჩვენგან იღებენ ქცევის ნორმებს ,  მათი პიროვნების ფორმირებაში აღზრდის სტილს ენიჭება  მნიშვნელობა.

განვიხილოთ თითოეული მათგანი, ესენია:

ავტორიტარული - მკაცრი მოთხოვნები და წესები, რომლის დარღვევასაც მოჰყვება დასჯა.  კონტროლის მაღალი დონე და შვილის უსიტყვო მორჩილება, კომუნიკაციის არ არსებობა.  ბავშვის ინიციატივების ნაკლებად გათვალისწინება, მისი სურვილების უგულებელყოფა. მშობელი კომპრომისებზე არ მიდის და შვილს მინიმალურ თავისუფლებას აძლევს. მსგავსი მიდგომის შედეგად, ბავშვი ცუდად სწავლობს, დამოკიდებულია სხვაზე და არ აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის სურვილი. უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, გულჩათხრობილი და აგრესიულია. აქვს დაბალი თვითშეფასება, მორცხვია, ერიდება პასუხისმგებლობის აღებას და დასჯის თავიდან აცილების მიზნით ამბობს ტყუილებს.

დემოკრატიული - აღზრდის ისეთი სტილია, როდესაც ბავშვის ინტერესი მეტადაა გათვალისწინებული, მშობელი მზადაა მოუსმინოს ბავშვს და გადაწყვეტილებები შეთანხმებულად მიიღონ, მშობელი კომპრომისებზეც მიდის. წესები აქაც არსებობს, ოღონდ ამ წესებს ლოგიკური ახსნა აქვს.  მსგავსი მიდგომის შედეგად ,ბავშვი დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობიანია. ადვილად ადაპტირდება გარემოში , დარწმუნებულია საკუთარ თავში, კარგად აქვს განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები და ემოციური ინტელექტი, ბედნიერი და წარმატებულია.

თავისუფალი - წესები ფაქტობრივად არ არსებობს და მათ მოქმედება არ აქვთ. ასეთი მშობელი ძალიან ლმობიერია, უსმენს ბავშვს, მაგრამ არ ეუბნება ,რა შეიძლება იყოს მისაღები და რა მიუღებელი. მინიმალურად ერევიან ბავშვის ცხოვრებაში, არც გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან და არც პრობლემის მოგვარებაში.  მსგავსი ტიპის აღზრდაში არ არსებობს საზღვრები, ბავშვი სრულ თავისუფლებაშია, რაც იწვევს დისციპლინასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე შედეგად ვიღებთ სწავლის დაბალ მოტივაციას პრობლემებს აკადემიური მიმართულებით, დაბალ თვითშეფასებას, სოციალური ნორმების არ ცოდნას და თავს იჩენს ქცევის სირთულეები.

ინდიფერენტული - ბავშვი და მისი ინტერესები სრულიად უმნიშვნელოა, ამ დროს მშობელს მიაჩნია,რომ მისი მოსმენა და სურვილების დაკმაყოფილება უმნიშვნელოა. თითქმის არ ატარებენ ბავშვთან დროს და ხშირად მათ უნარებსა და შესაძლებლობებსაც კი არ იცნობენ. მსგავსი დამოკიდებულებით აღზრდილ ბავშვებს ემოციური დარღვევები აღენიშნებათ, უჭირთ გარემოში ადაპტაცია და სოციალური ურთიერთობების დამყარება, აქვთ დაბალი თვითშეფასება, სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები და არ არიან მიჩვეული ზოგად წესებსა და ნორმებს, რაც სირთულეებს უქმნით ყოვედღიურ ცხოვრებაში. 

ბავშვის აღზრდა საკუთარ თავში ცვლილებებსა და ბევრი ახალი უნარის გამომუშავებას გულისხმობს, ეს მარტივი არაა, მაგრამ  მშობლები სუპერ გმირები არიან.

ზოგჯერ გვჭირდება გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა და ის ფაქტი, რომ ყველაფერი თანაბრად კარგად არც ჩვენ გამოგვდიოდა, შეცდომებს ჩვენც ვუშვებდით და იმ დროს  სამყაროში ყველაზე მეტად სწორედ მშობლის მხარდაჭერა და მათგან ჩვენი შესაძლებლობების რწმენა გვჭირდებოდა.

ბავშვები უნიკალურები არიან და განსაკუთრებული ინდივიდუალური შესაძლებლობები გააჩნიათ. ჩვენ კი მათ ამ უნარების განვითარებასა და შესაძლებლობების გამოყენებაში უნდა დავეხმაროთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ცალკე პიროვნებები არიან, თავიანთი შეხედულებებითა და ინტერესებით, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ. 


ნაზი ბენგლიანი - ტუტორი, ფსიქოლოგი