კვირაში ერთხელ, მთელი კვირის მანძილზე, ყველა ჰაუსმასტერი დიჯეი ხდება. თუ გგონიათ, გაკვეთილების დაწყების შემდეგ საჰაუსმასტეროში სიმშვიდე ისადგურებს, ძალიან ცდებით. ჩვენი დილა ფლეილისტის მომზადებით იწყება, რასაც მორიგე ჰაუსი აკეთებს. ბაქსვუდში არ არსებობს სტანდარტული, მოსაწყენი ზარი. აქ ზარიც კი ხელოვნებაა! პრეფექტები და მათი ჰაუსები წინასწარ გეგმავენ, რა მუსიკა გაიჟღერებს დერეფნებში. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ დაინახავთ კლასიდან გამოსულ მასწავლებელს ან ჰაუსმასტერს, რომელიც მუსიკას აყოლებს ტანს, ან მოსწავლეს, რომელიც როკ-ენ-როლის ფონზე მიდის ისტორიის კაბინეტში. ეს ის ყოველდღიური ბაქსვუდური მუხტია, რომელიც გეუბნება: გაიღიმე, დღე მშვენიერია!
რომელი ჰაუსიც კვირის მუსიკალურ ზარზე არ აგებს პასუხს, ის სხვა დავალებას ასრულებს. აქ მეორე ჰაუსმასტერი უკვე რეჟისორია. მისი ჰაუსის კვირის დავალება იყო „სქრინი“, ერთგვარი ბაქსვუდური „Netflix“. სკოლაში დიდი ეკრანი ჩვენი საინფორმაციო დაფაა, სადაც ბავშვების მიერ შექმნილი სამყარო ჩანს. ასე რომ, სანამ გაკვეთილზე შეხვალ, ერთი თვალის გადავლებით იცი: რა მოხდა დღეს მსოფლიოში, რომელი გენიოსის ან ცნობილი ადამიანის დაბადების დღეა, რამდენიმე საინტერესო ფაქტი და ვინ არის „დღის ბაქსვუდელი“, რა ჰობი აქვს და რა მოსწონს მას. და რაც მთავარია, ჰაუსების რეიტინგი, ჩვენი შიდა ჩემპიონთა ლიგა! სქრინებზე გამოჩენილი რეიტინგი ზოგისთვის სიამაყეა, ზოგისთვის - მოტივაცია, რომ დღეს თავის ჰაუსს მეტი ქულა მოუტანოს.
12:00: სანამ ბავშვები გაკვეთილებზე არიან, ჰაუსმასტერების „შტაბში“ დიდი გეგმების დროა. აქ იგეგმება მომავალი აქტივობები, ჰაუსური შეჯიბრებები და მუშავდება სტრატეგიები, როგორ გავხადოთ ესა თუ ის ბავშვი უფრო აქტიური. ჩვენი საქმე ზუსტად ესაა: ვიყოთ ფარდის მიღმა, შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვები თავად ხდებიან ლიდერები, თავად გეგმავენ ფლეილისტს და სქრინის კონტექსტსაც. ჩვენ აქ ის „ემოციური საყრდენები“ ვართ, რომლებიც ზრუნავენ, რომ ეს მექანიზმი იდეალურად მუშაობდეს.
კვირეულების შესახებაც უნდა გიამბოთ. მოკლედ, ბაქსვუდში ყოველი კვირა ახალი და საინტერესო თავგადასავალია. კედლებზე გაკრული ფერადი პლაკატები გაუწყებენ: ამ კვირას საშობაო სამზადისია, ვალენტინობა, ტოლერანტობის კვირეული თუ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ამ დროსაც სკოლა ერთ დიდ, საინტერესო, სახალისო და შემეცნებით სივრცედ იქცევა.
15:00: სამი საათის შემდეგ, კვირაში ორჯერ, ჰაუსური დროა (Preparation), რასაც აქ „პრეპის“ დროს ვეძახით. ამ დროს კლასებიდან დერეფნებში გამოდის პოპკორნის სურნელი და კვირეულის ფილმის ხმა. შეიძლება ცხელი შოკოლადიც იყოს ფილმის ჩვენებაზე. სხვადასხვა ჰაუსს სხვადასხვა შეჯიბრი და სიახლე აქვს. მთავარია, მოსწავლემ გადაწყვიტოს, რომელ ჰაუსში შევიდეს. ჰაუსები ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ ეს უფრო საერთო მხიარულობაა, ვიდრე ქულებისთვის ბრძოლა.
16:15: კვირის კულმინაცია: პარასკევის პერფორმანსი, როცა მორიგე ჰაუსი სცენაზე მინი-სპექტაკლს დგამს. ამ დროს მე, როგორც ჰაუსმასტერი, კულისებში ვდგავარ. ვინ ვარ ამ დროს? ალბათ, მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ფსიქოლოგიური ზურგი. სანამ ბავშვი სცენაზე გავა და პირველ სიტყვას იტყვის, მე ვარ ის, ვინც მხარზე ხელს დაადებს და ეტყვის: „შენ ეს შეგიძლია!“ ჩემი როლი სწორედ მათი გაძლიერებაა, დავეხმარო სცენის შიშის გადალახვაში და იგრძნონ, რომ ამ დიდ პერფორმანსში მათი ხმა მნიშვნელოვანია.
და ბოლოს, წარმოიდგინეთ 10 ჰაუსმასტერი, ათი განსხვავებული ხასიათი და სამყარო. ამ ყველაფრის ერთ ჯგუფად შეკვრა ნამდვილი ხელოვნებაა. ორმოცჯერ ათი სხვადასხვა ყოველდღიური ქეისი? ჰოდა, ამ ყველაფრის ეპიცენტრში ჩვენი სასკოლო ცხოვრების ხელმძღვანელია. ის ისეთი ტიპის ლიდერია, რომელთანაც არ შედიხარ მხოლოდ მორიგი დავალების მისაღებად, არამედ იმიტომ, რომ რთულ მომენტებში სწორი გამოსავალი ერთად მოძებნოთ და ხშირად ის თავად ხდება შენი ემოციური მხარდამჭერი და ქოუჩი. მოკლედ, ბაქსვუდი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა იერარქიაზე მეტად გულწრფელობა და საერთო საქმისადმი ნდობა მუშაობს. როცა გრძნობ, რომ შენ უკან, ხელმძღვანელიან-დირექტორიანად, დიდი მხარდამჭერი გუნდი დგას, უფრო თავდაჯერებული ხდები. ეს გვაძლევს რესურსს, რომ ჩვენც, ჩვენი მხრივ, ბავშვებისთვის ვიყოთ ისეთივე მხარდამჭერები და საყრდენები, რასაც ბაქსვუდის კედლები გვთავაზობს.
დღე სრულდება, მაგრამ ჩვენი, როგორც მეგზურების როლი - არასდროს. ხვალ 09:30-ზე ისევ შევხვდებით, რომ კიდევ ერთი დღე ვაქციოთ შესაძლებლობების მარათონად. რადგან ბაქსვუდში არ არსებობს იერარქია, რომელიც გაშორებს, აქ არსებობს მხოლოდ მხარდაჭერა, რომელიც გაძლიერებს!
ხვალამდე, ახალ ქეისებამდე და ახალ ღიმილებამდე!