სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

ჰაუსმასტერის დღიურები - ეპიზოდი I

14 აპრილი 2026 ჰაუსმასტერის დღიურები - ეპიზოდი I

ჰაუსმასტერის დილა ყავით კი არა, ავტობუსით იწყება. თუ ფიქრობთ, რომ სკოლის ავტობუსი უბრალოდ ტრანსპორტია, ესე იგი ბაქსვუდში არ ყოფილხართ. ეს არის მოძრავი „Knight Bus“, სადაც 35 განსხვავებული ხასიათი ერთ სივრცეში იკუმშება. ჩემი, როგორც ჰაუსმასტერის როლიც სწორედ აქედან იწყება: ვიღაცას ძილი აკლია, ვიღაცას, პირიქით, ენერგიის მოზღვავება აქვს, მე და ტრანსპორტის უფროსი (Head of Transport) კი მათ შორის მშვიდობის ელჩები ვართ. ვუყურებ მათ და ვფიქრობ: ნეტავ, დღეს რომელი ვიქნები: ფსიქოლოგი თუ უფროსი მეგობარი, რომელიც მათ ჰალსტუხის სწორად გაკეთებაში დაეხმარება, იქნებ „დაკარგული ნივთების“ მაძიებელი დეტექტივი?

09:30: დილა სკოლის ყოველდღიური მთავარი შეხვედრით იწყება. წარმოიდგინეთ სცენა: სკოლის დირექტორი, ჩვენ, ჰაუსმასტერები, მასწავლებლები, პრეფექტები... ჰაერში დღის გამოწვევები ტრიალებს: „დღეს ეს არის გასაკეთებელი“, „აქ ეს გამოწვევაა“... მერე კი ტაში, ვინმეს დაბადების დღეა და სივრცეს მილოცვების და კეთილი სურვილების მუხტი ავსებს. მერე ყავის ჭიქებით ხელში ავდივართ მთავარ „შტაბში“, რომელსაც მთელი სკოლა „საჰაუსმასტეროს“ ეძახის და აი, აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები. ბევრს ჰგონია, ჰაუსმასტერი უბრალო პოზიციაა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვართ:

  • მთავარი მხარდამჭერები, როცა ბავშვს უჭირს;

  • მედიატორები, როდესაც სხვადასხვა რგოლს შორის „თარგმანია” საჭირო;

  • ქოუჩები, როცა მოსწავლის მოტივაცია არ არის სათანადო.

მე 40 ბავშვი მაბარია. ჩემი ჰაუსი ჩემი პატარა სახელმწიფოა თავისი იერარქიებითა და საინტერესო გამოწვევებით. დარწმუნებული ვარ, ჰოგვორტსში რვა ჰაუსი რომ ყოფილიყო, იქაურ ჰაუსმასტერებს ჩვენზე ნაკლები საქმე არ ექნებოდათ. და თუ გგონიათ, დამბლდორს რთული სამუშაო ჰქონდა, სცადეთ, 40 მოსწავლის ემოციური ლოკატორი იყოთ დილის ყავის დალევამდე.

09:35: ოთახში ათიოდე ბაქსვუდელი დგას და ყველა თვალებით თავის ჰაუსმასტერს ეძებს. ერთი შიშობს, რომ მათემატიკის შემაჯამებელს ვერ დაწერს, მაშინვე იწყება მისი მოტივაციის ამაღლება; მეორე კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჰალსტუხის გარეშე სიარული სკოლაში ახალი ტრენდია. ამ დილას უფრო მეტად ფსიქოლოგები ვართ, ვიდრე ადმინისტრატორები.

11:15: ორ მეგობარს შორის „ცივი ომია“ ფანქრის გამო, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის ფანქარი. უბრალოდ, მათ ემოციები დაუგროვდათ. ვსხედვართ, ვუსმენთ, კითხვებს ვუსვამთ... ათ წუთში ორივე იცინის და მხიარული ლაპარაკით გადის ჩვენი ოთახიდან.

13:30: თუ გგონიათ, რომ სადილზე ჩამოსვლა უბრალოდ კიბეებზე ჩასვლაა, ცდებით. ეს პროცესია! რვა ჰაუსი, რვა სხვადასხვა ფერი და ენერგია. ვდგავართ „ლაინებში“ - აქ იწყება პირველი გაკვეთილი: მოთმინება. ჰაუსმასტერის თვალი აქ ყველგანაა: ვინმემ ხომ არ დაიგვიანა? ხომ ყველა ფორმაშია? ეს ის მომენტია, როცა ჰაუსი ერთ მუშტად იკვრება.

და აი, ისიც - ბაქსვუდური სადილის ხმაური, რომელსაც მე „სიცოცხლის რუზრუზს“ ვეძახი. აქ ჩვენი Head of Tables (მაგიდის უფროსები) იწყებენ მოქმედებას. ისინი პატარა ლიდერები არიან, რომლებიც ზრუნავენ, რომ კერძი ყველას შეხვდეს, რომ არავინ დარჩეს ყურადღების გარეშე. აქ ხდება მთავარი ჯადოქრობა: დათმობა. „შენ აიღე პირველმა...“, „ეს შენი საყვარელი ხილია, დაიტოვე...“, ამ დროს ვხვდები, რომ ჩემი მუშაობა ფუჭი არაა. როცა ხედავ, როგორ ითვალისწინებს ერთი მოზარდი მეორის ინტერესს, ხვდები, რომ აქ მხოლოდ მათემატიკას კი არა, ადამიანობას სწავლობენ.

14:00 (დიდი შესვენება): ეს არის დრო, როცა ჰაუსმასტერი 360 გრადუსით უნდა ტრიალებდეს. ერთ კუთხეში ფეხბურთის გამო ატეხილი კამათია დასაშოშმინებელი, მეორეში ვიღაცას „ჩაეძინა“ და ქოუჩის მამოტივირებელი სიტყვა სჭირდება, რომ შემდეგ გაკვეთილზე შევიდეს, მესამეში კი, უბრალოდ უნდა იჯდე და მოუსმინო, როგორ ჩაიარა ტესტმა. ეს 30 წუთი ემოციური მარათონია. ჩვენ არ ვართ უბრალოდ მეთვალყურეები, ჩვენ ვართ მედიატორები, რომლებიც ამ დიდ ქაოსში სიმშვიდესა და პოზიტივს ვინარჩუნებთ.

14:10: ზარი. ყველაფერი წყნარდება, დერეფნები ცარიელდება. მე და სხვა ჰაუსმასტერები ჩვენს „შტაბ-ბინაში“ ვბრუნდებით ერთი წამით ამოსასუნთქად. იქვე დერეფანში ბავშვი დგას, ეს ის მომენტია, როცა „რადარები“ უნდა ჩავრთო. მივუჯექი. აღმოჩნდა, რომ დილით სახლში რაღაცაზე იკამათეს და ახლა ნერვიულობდა. ორიოდე წუთი ქოუჩის ამპლუაში, ერთი-ორი სწორი კითხვა, ცოტა იუმორი და... აი, ისიც, ღიმილი დაბრუნდა! ბავშვისთვის იმის ცოდნა, რომ სკოლაში ჰყავს ერთი „დიდი მეგობარი“, ვისთანაც ყველაფრის თქმა შეიძლება, ხანდახან „ათიანზე“ მეტად მნიშვნელოვანია. ჩემი დღის მთავარი ნიშანი სწორედ ეს ღიმილია.

16:30: და აი, ისევ ავტობუსების რიგი. დილანდელი ხმაური ახლა უფრო დაღლილ, მაგრამ კმაყოფილ ჟრიამულშია გადაზრდილი. ბავშვები ადგილებს იკავებენ, მე კი თითოეულს თვალს ვადევნებ, ყველა ადგილზეა, ყველა მშვიდადაა. ავტობუსი იძვრება, მე კი ხელს ვუქნევ ჩემს 40 „თავგადასავალს“.

18:00 (ზარი მშობლისგან): „როგორ არის?“, კითხვა სტანდარტულია, მაგრამ ჩემი პასუხი - არა. მე ვუყვები არა იმაზე, თუ როგორი ნიშნები აქვს დღეს, არამედ იმაზე, როგორ გაუწოდა დახმარების ხელი მეგობარს. ესაა ბაქსვუდური მაგია. ჰაუსმასტერობა არ სრულდება 16:30-ზე, ეს ემოცია სახლშიც მიგყვება, იმიტომ, რომ შენ არ ხარ უბრალოდ თანამშრომელი, შენ დიდი ბაქსვუდური ოჯახის ნაწილი ხარ.

ხვალამდე, ახალ ქეისებამდე და ახალ ღიმილებამდე!

ავტორი: ჰაუსმასტერი ელის დოჯსონი